შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი - 14 სექტემბერში 2010 - ბლოგი - ნახე საქართველო


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ორშაბათი, 28.07.2014, 12:15
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი
16:25
შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი

შიო მღვილის სამონასტრო კომპლექსი


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები, ჯვრის ამაღლების ეკლესია, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო და წყალსადენი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია


მონასტერი დაარსა შიომ, მღვიმელად წოდებულმა, რომელიც ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო.
მონასტერში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, ცნობილი ისტორიკოსები არსენი და ბასილი ვაჩეს ძე. მონასტერს გააჩნდა მდიდარი წიგნების ბიბლიოთეკა.

ადგილმდებარეობა

შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.

ისტორიული მიმოხილვა

შიო ოცი წლის ასაკში დაემოწაფა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს, თან წამოყვა ქართლში და 543-47 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს, შიო ზედაზნიდან წავიდა და "ინახულა ხევი რაიმე ღრმა უნუგეშისცემო, ურწყული... ჰპოვა ჩრდილოეთ კერძო მდინარესა მას დიდისა, რომელ არს მტკვარი, ქვაბი ყოვლად მცირე, რომელ კმა ეყოფოდა მფარველად სხეულსა მას მისა...”რამდენიმე ხნის შემდეგ მღვიმის გარშემო შეიქმნა სამონასტრო თემი. მათი რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. საჭირო გახდა ეკლესიის აგება. "სცა სათხარი წმინდამან შიო და აღაშენეს ეკლესიაი იოანე ნათლისმცემელისა”. ეკლესიის აგების შემდეგ შიომ შეარჩია მღვიმე "ფრიადსა სიღრმისა მქონებელი და ყოვლად ბნელი, შთახდა მას შინა” და იქ დაასრულა თავისი სიცოცხლე. ანდერძის თანახმად იგი ამავე მღვიმეში დაასაფლავეს. XI საუკუნის დასასრულს მღვიმეს ეკლესია დააშენეს.
XI საუკუნის შუა წლებში შიომღვიმე თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. მეფე ბაგრატ IV-მ (1027-72) დახმარების მიზნით მონასტერს, კლდეკარის მახლობლად მდებარე ბაღვაშთა ყოფილი მამული ბორცვისჯვარი უბოძა.
XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისაგან დევნილმა მოღალატე მსხვილმა ფეოდალმა ძაგანმა, თავი მღვიმეს შეაფარა. მონასტრის კრებულმა ორგული ფეოდალი შეიპყრო და მეფეს გადასცა. მღვიმელთა ერთგულებისა და თავდადებისათვის დავითმა მონასტერი მთლიანად თავის საპატრონოდ გამოაცხადა და იქ ღვთისმშობლის დიდი ტაძარი ააგო (1103-33 წწ). ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა დაავალა ბერს – არსენს (სავარაუდოდ არსენ იყალთოელს). 1123 წელს შირვანზე გალაშქრების წინ დავით აღმამშენებელმა მონასტერს დამოუკიდებლობა, სასამართლო შეუვალობა და დიდძალი ქონება უბოძა.
საგანგებო ანდერძში მეფემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონასტრის ძირითადი საქმიანობა მხოლოდ მეფეთათვის ლოცვა და ღვთისმსახურება უნდა იყოსო. სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით შიომღვიმე მძლავრ ფეოდალურ საეკლესიო სენიორიად იქცა. თამარის ეპოქაში შიომღვიმის მამულები გაიზარდა და მონასტერი გამდიდრდა უხვი შეწირულობებით. 1202 წელს თამარის ნებითა და ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თაოსნობით სოფელ სხალტბიდან შიომღვიმეში წყალსადენი გაიყვანეს.
ამგარად, შიომღვიმე ერთ-ერთ მსხვილ სამეურნეო-ფეოდალურ ორგანიზაციად იქცა. მონასტრის კუთვნილებაში იყო უამრავი ყმა და მამული, მთლიანი სოფლები და ცალკეული კომლები სხვადასხვა სოფლებში, წისქვილები, ზეთის სახდელები, სავაჭრო დუქნები, საქონლის ჯოგები და სხვა. მონასტერი ეწეოდა გაცხოველებულ ვაჭრობა-აღებ-მიცემობას. ყმა გლეხთა ექსპლუატაციით, ნაწილობრივ შეწირულობებით მონასტერს დიდძალი ქონება დაუგროვდა.
XI-XIV საუკუნეებში შიომღვიმეში მაღალ დონეზე იდგა სამეცნიერო-მწიგნობრული მოღვაწეობა. XII საუკუნეში შიომღვიმეში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მეცნიერი არსენ იყალთოელი. აგრეთვე აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ისტორიკოსები არსენი და ბასილი ვაჩეს ძე. ორიგინალური შრომების შედგენისა და თარგმნის გარდა, შიომღვიმეში ფართოდ იყო გაჩაღებული გადამწერლობაც. შემონახულია აქაური კალიგრაფების მიერ იშვიათი ოსტატობით გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერები. შიომღვიმის მონასტერს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. 1804 წლის ცნობით, წიგნების რაოდენობა 10 ურემზე ძლივს დაეტეოდა. მრავალი წიგნი ეტრატისა ყოფილა.
XIII საუკუნის შუა ხანებში მონასტერი ხვარაზმელებმა დაარბიეს, მაგრამ მისი ძლიერება მალე ისევ აღდგა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ შიომღვიმე მეფისადმი თავდადებისათვის ერთ-ერთ დიდგვარიან ფეოდალს ზევდგინიძე-ამილახვარს გადასცა საკუთრებად. აქედან მოყოლებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე მონასტერი ამილახვართა საგვარეულო სასაფლაოდ ითვლებოდა. ამილახვართა სახლის წევრები ბერ-მონაზვნებადაც აღიკვეცებოდნენ ხოლმე, აგრეთვე ისინი როგორც მეპატრონეები, მონასტრის თავდადებულ მშენებლებადაც (XVIII საუკუნემდე) გვევლინებიან. 1393 წელს, მონასტერი თემურლენგმა აიკლო და ააოხრა. მონასტრისადმი ზრუნვას აგრეთვე იჩენდნენ მეფეები ალექსანდრე I (1412-42), სვიმონ I (1558-1600), როსტომი (1632-58), გიორგი XI (1678-88 და 1703-09) და სხვა.
1614-16 წლებში საქართველოში შაჰ-აბასის შემოსევის დროს მონასტერი კვლავ აოხრდა. სავარაუდოდ დავით აღმამშენებელის მიერ აგებული დიდი ტაძარიც მაშინ დაინგრა. ეს ტაძარი 1678 წელს აღადგინა გივი ამილახორმა და მისმა მეუღლემ თამარმა.
ოსმალთა ბატონობის პერიოდში (1722-35), ოსმალებთან ერთად ლეკებიც არბევდნენ მონასტერს. სხვათაშორის, თავდაპირველად შემოჭრილმა ოსმალებმა, ვერაფერი დიდი ვერ დააკლეს ქვაბებში შეხიზნულ ბერებს, სანამ მოღალატე ლეონ მუხრანბატონის რჩევით წყალსადენი არ დაანგრიეს და ბერებისთვის სასმელი წყალი არ მოჭრეს. გაპარტახებული შიომღვიმის ეკლესიები 1773 წელს, გივი ამოლახორმა და მისმა მეუღლემ ბანგუამ შეაკეთებინეს.
1735 წელს, შაჰ-ნადირის ლაშქარმა შიომღვიმე საფუძვლიანად დაანგრია და ბერებიც ამოხოცა. მტრის ლაშქარს აქაც, ზოგჯერ ქართველი დიდებულებიც ეხმარებოდნენ.
მტრის მრავალგზისი შემოსევების შედეგად შიომღვიმე საბოლოოდ დაეცა და დაუძლურდა. მართალია მონასტრის საკეთილდღეოდ კვლავ იღვწოდნენ ქართველი მეფეები (ერეკლე II, გიორგი XII) და სასულიერო პირნი, მაგრამ მონასტრის ძლიერება აღარ აღმდგარა.
შიომღვიმის მონასტერი, როგორც ფეოდალური მეპატრონე, ექსპლუატაციას უწევდა გლეხებს. ისინი ვალდებულნი იყვნენ გარკვეული რაოდენობის გადასახადი ეძლიათ მონასტრისათვის და მის სასარგებლოდ ემუშავათ. შიომღვიმის ამილახვართა ხელში გადასვლის შემდეგ, მონასტრის ყმა ვალდებული გახდა სამონასტრო გადასახადთან ერთად, სამეფო და თვით საამილახორო გამოსაღებებიც გადაეხადა. გადასახადების სიმცირის გამო გლეხები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი კარ-მიდამო, სხვას შეკედლებოდნენ, ან გადასახადზე უარი ეთქვათ. ასეთ გლეხებს მონასტერი სასტიკად სჯიდა. ხშირად გლეხები, იარაღსაც მიმართავდნენ. 1804 წელს შეიარაღეულ გლეხებს მონასტერი დაურბევიათ.
1811-22 წლებში შიომღვიმე ადმინისტრაციულად ქვათახევის მონასტერს ექვემდებარებოდა, ხოლო 1822-87 წლებში კი – თბილისის ფერისცვალების მონასტერს.
XIX საუკუნის 60-იან წლებისათვის შიომღვიმე, როგორც ფეოდალური სენიორია, აღარ არსებობდა, ის საკულტო დაწესებულებად დარჩა.
ამჟამად, აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ლეგენდები, თქამულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

ლეგენდის მიხედვით, მღვიმეში დაყუდებულ შიოს საკვებს მტრედები უზიდავდა ნისკარტით. ნადირობისას ევაგრეს დაუნახავს ეს მტრედი, დადევნებია მას და შიოსთან მისულა. ურთიერთ გაცნობის შემდეგ ევაგრე ბერად აღიკვეცა.
შიოს გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს – "იქმნეს უდაბნო ესე აღსავსე კაცთა მიერ”.
შიომღვიმეში წყაროს გამოჩენა შიოს უკავშირდება: წყალს ბერები ჩვეულებრივ მტკვრიდან ეზიდებოდნენ. ერთხელ ერთ-ერთ ბერს მტკვრიდან წყალი მოჰქონდა, უცებ დაეცა, ჭურჭელი გაუტყდა და წყალი დაეღვარა. ბერმა საშინელი ტირილი და თავში ცემა დაიწყო. ეს რომ შიომ დაინახა, ბერს უთხრა – ნუ ტირი, ღმერთმა გისმინა და შენი ცრემლების სამაგიეროდ მანდ წყასროს გაჩენა ინებაო. ამ წყაროს "ცრემლის წყაროს” უწოდებენ.

ძეგლების ჩამონათვალი და აღწერილობა:


1. შიოს სასაფლაო-ეკლესია დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით. იგი წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას (ძირი 3X4მ), რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. XI საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს. 1733 წელს, გივი ამილახორს (მონასტრის იმდროინდელ მესაკუთრეს) და მის თანამეცხედრეს ბანგუას განუახლებიათ "შიოს საყდარი”: ეკლესიის დასავლეთ კედელში შეისრულთაღიანი განიერი გასასვლელი, ხოლო მის თავზე სარკმელი გაუჭრიათ, რითაც სასაფლაო-ეკლესია ნათლისმცემლის ეკლესიას დაუკავშირდა, როგორც მისი დასავლეთ მკლავის გაგრძელება. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასა და შიოს სამწირვლო-ეკლესიას შორის გამყოფ თაღოვან კედელზე მხედრული წარწერაა. სასაფლაო-ეკლესიის ჩრდილოეთით თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები შუაში სვეტს ეყრდნობა. კარიბჭეში შესასვლელი ამჟამად მხოლოდ დასავლეთის თაღიდანაა. აღმოსავლეთის თაღს აღმოსალეთით აფსიდი აქვს. ეკლესიის დასავლეთით ფასადზე, სარკმლის ზემოთ ამოკვეთილია ჯვარი, რომლის მკლავებზე და სამ მხარეს ასომთავრული წარწერებია. 1733 წელს სამხრეთის ფასადზე, კუთხესთან გასამაგრებლად ამოუყვანიათ თაღი. 



2. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VI საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (13,5X7,8 მ), ნაშენია ნატეხი ქვითა და მოსწორებული რიყის ქვით. ეკლესიის ¾ ნაწილი მიწაშია. ჯვრის აღმოსავლეთ-დასავლეთის მკლავი ჩრდილო-სამხრეთისაზე გრძელია, ხოლო დასავლეთი მკლავი აღემატება აღმოსავლეთისას; ჯვრის მკლავების კამარები ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. გუმბათი ეყრდნობა რვაწახნაგა გუმბათის ყელს, რომელშიც ოთხი სარკმელია. გუმბათის ყელი ჯვრის მკლავების კედლებზეა დაბჯენილი. კედლებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა კვადრატის კუთხეებში ორრიგა თაღების მეშვეობით ხდება. ქვედა ბრტყელი თაღები საზღვრავენ კუთხის აფრისებურ მომრგვალებას. კედლის სიბრტყიდან ამოზიდული ზედა, ნახევარწრიული თაღები კი ქმნიან რვა წახნაგს, რომლის თანაბარი სიგანის გვერდის კედლები ზემოთ გრძელდება და ცენტრში იკვრება. ამრიგად, გუმბათი ნახევარსფერო კი არ არის, არამედ შეკრული კამარაა, რომელიც უშუალოდ შენობის გარე კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო სარკმელია. მთავარი შესასვლელი დასავლეთით იყო (ამჟამად გადაკეთებულია). ეკლესიაში შემორჩენილი მოხატულობა შესრულებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის დაკვეთით. ამით განადგურდა ძველი მხატვრობა. ეკლესიაში შემორჩენილია ღია მწვანე ფერის მკვრივი ტუფისაგან გამოკვეთილი კანკელი, რომელიც მოგვიანებით მეტად უხეშად შეუკეთებიათ. 
ეკლესიის ფასადზე შემორჩენილი თავდაპირველი ლავგარდანი წარმოადგენს 45 გრადუსით დახრილ თაროს, რომელიც ფრონტონის კუთხეებში ტყდება და ჰორიზონტი ქუსლის სახით გადადის გვერდით კედლებზე. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.
იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ორი პატარა სამწირვლო. ეკლესიის დასავლეთის მკლავში, სამხრეთით გაჭრილია გასასვლელი, რომელიც სწორკუთხა სათავსში გადის. სათავსში აღმოსავლეთით ერთი ნიშია, რომელიც საკურთხევლის მოვალეობას ასრულებდა. ნიშში შემორჩენილია შუა საუკუნეებში შესრულებული წმინდანის გამოსახულება.
ჩრდილოეთიდან ეკლესიას კარიბჭე, ორი საძვალე-სამლოცველო და სამრეკლო ეკვრის. კარიბჭე თაღებიანი ნაგებობაა.



3. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თავდაპირველად იგი გუმბათიანი ყოფილა. 1668 წელს, ფეოდალ გივი ამილახორის თაოსნობით თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარის საძირკველზე ახალი ტაძარი - სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ, რომელიც 1733 წელს განუახლებია გივი ამილახორს (ეს სხვა გივი ამილახორია). დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ტაძრიდან შემორჩენილია გეგმა (ყველაზე კარგად ჩანს საკურთხეველში), აღმოსავლეთის აფსიდი კონქითა და სამი სარკმლით, სამრეკლო და სადიაკვანე ძველი გადახურვით, გუმბათქვეშა ორი ბოძი და სამხრეთის კედლისაკენ გადასული თაღი, ფასადზე – სამი ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. შიგნიდან დიდი ზომის მაღალ საკურთხეველს ეკვრის განიერი და ფართო ბემა. სამკვეთლო და სადიაკვანე ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილია კედლით, რომელშიც გასასვლელებია გაჭრილი. დასავლეთით ნართექსია, ხოლო მის თავზე – მონასტრის წინამძღვრის ოთახი, რომელიც ტაძარს სარკმლით უკავშირდება. შიგნით ტაძარი შელესილია და მოხატულია ზეთის საღებავით. ყურადღებას იქცევს ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის მთლიანი გამოსახულება წარწერით: "ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე აღმდგენელი შიომღვიმელის ლავრისა” (მხატვარი გ. ზაზიაშვილი). იქვეა თვით ალექსანდრე ოქროპირიძის საფლავი მარმარილოს ფილით. ღვთისმშობლის ეკლესიაში, საკურთხევლის კიბესთან მონასტრის მეორე განმაახლებლის გივი ამილახორისა და მისი მეუღლის თამარ ბატონიშვილის საფლავებია. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე შესასვლელები მორთულია. დასავლეთ კარიბჭეზე მიშენებულია ორსართულიანი კოშკი, მასში ასასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა (დაზიანებულია) გვამცნობს, რომ 1733 წელს გივი ამილახორს მონასტერი მთლიანად განუახლებელია. 


4. ჯვრის ამაღლების ეკლესია დგას იმ კლდოვან მთის წვერზე, რომელიც სამხრეთ- აღმოსავლეთის მხრიდან საზღვრავს შიომღვიმის მონასტერს. თარიღდება XII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (8.5X5მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ ღრმა აფსიდში სარკმელია, რომლის ქვემოთ ორი საშუალო და ორი მცირე ნიშია. თითო სარკმელია სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ნახატს შენარჩუნებული აქვს ფერთა სიკაშკაშე და ფაქტურის სიმკვრივე. ფრესკები XIII საუკუნისაა, თუმცა აფსიდში და სამხრეთის კედელზე უფრო ადრინდელი მოხატულობის კვალიც ჩანს. ყოველ ნახატს ახლავს შინაარსის ამსახველი ასომთავრული წარწერა. მოხატულობა იატაკიდან იწყება. რეგისტრები არათანაბარი და არეულია. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში თორმეტი მოციქულის ნახევარფიგურებია, მესამე რეგისტრში გამოსახულია ეკლესიის რვა მამა; აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ – ხატი მანდილისაი, სარკმელში ორი დიაკვანის ფიგურაა. დარბაზში სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთიდან ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთამდე სადღესასწაულო ციკლის სცენებია: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და ჯვარცმა. ქვედა რეგისტრის მხატვრობა ისტორიულ თემებს ეძღვნება, არის ცალკეული ფიგურებიც. კედლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია მესვეტე ორ ანგელოზთან ერთად, ხოლო მის გვერდით, დასავლეთ მონაკვეთში – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთის კედელზე – ამაღლება და სულიწმიდის მოფენა. ჩრდილოეთის კედელი, ძლიერ დაზიანებულია. კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ეკლესიის მამათა გამოსახულებებია. მათ ქვემოთ კი მოპირდაპირე, სამხრეთის კედლის ფიგურა მეორდება. ფრესკები ნათელი ფერებითაა შესრულებული. ეკლესიის ფასადები დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. ჩრდილოეთით მიშენებულია აგურის ორსართულიანი ნაგებობა (4,6X3,8 მ). მისი პირველი სართულის სამხრეთ კედელში ეკლესიაში შესასვლელი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე ოთხივე მხრივ მაღალი, ვიწრო თაღებით გახსნილი სამრეკლოა, რომელსაც მარტივი ლავგარდანი და აგურის კონუსური სახურავი აქვს. 

5.  მღვიმე-ეკლესია – დგას გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე. მღვიმეზე, სადაც პირველად შიო დაბინავდა, XI საუკუნეში ეკლესია დააშენეს. XIX საუკუნის 90-იან წლებში მღვიმე-ეკლესია გადაუკეთებიათ. ეკლესიას (1,85X1,77 მ) შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს. დასავლეთის კედელში ერთი სარკმელია. კედლები შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი "იესო ქრისტე”.

6. სამრეკლო – 1733 წელს გივი ამილახორმა ააშენა. იგი ორსართულიანია და ნაგებია ნატეხი ქვით. პირველი სართული კვადრატულია. მეორე სართული აგურის შეისრული თაღებით გახსნილი ექვსწახნაგა ფანჩატურია. ერთ მხარეს თაღში ბუხარია ჩაშენებული. სამრეკლოს აღმოსავლეთით მდებარე სამწირველო დასავლეთ კედელს გასდევს სამრეკლოს სართულზე ასასვლელი კიბე. (შემორჩენილია ნაშთი).

7.  სატრაპეზო დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით 10 მეტრზე. მასში შეიმჩნევა სამი სამშენებლო ფენა: უძველესი VII-IX საუკუნეებით თარიღდება, შემდეგი ფენა XII საუკუნეს განეკუთვნება, ხოლო უკანასკნელი XVII საუკუნისაა. სატრაპეზო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხა განიერი და მაღალი შენობაა (19,5X9,92მ). შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი შიგნიდან კედელში ჩაწეული შეისრულთაღიანი, ხოლო გარედან სწორკუთხა მოხაზულობის დეკორატიული სიბრტყეებით არის გაფორმებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი ღრმა უბეებით, რომლებშიც სხვადასხვა ფორმისა და ზომის თახჩები და XI საუკუნის სატრაპეზოს ნაშთებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის თაღთან, კედელში ჩასმულია მცირე ზომის ფილა ჯვრის რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით. შეისრული კამარის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთის კედელში, კამარასთან ახლოს სამი თაღოვანი მაღალი და განიერი სარკმელია. ამდენივე მცირე ზომის, შიგნიდან სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთის კედელშია. დასავლეთის კედელში გაჭრილია საფეხურებიანი ვიწრო გვირაბი, რომელიც მცირე ზომის ფრონტონიან კარიბჭეს უერთდება. აღმოსავლეთის კედელში გაკეთებულია ხვრელები წყლისმილებისათვის. ჩრდილოეთ კედლის მაგივრობას ასრულებს სატრაპეზოსა და შიოს საძვალეს შორის მდებარე ორსართულიანი კარიბჭე-სამლოცველოს თაღოვანი გასასვლელი, რომელზეც დაშენებულია აგურის კედელი. სატრაპეზოში იატაკი მიწისაა. ჩანს საფლავის ქვები. კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. ფრაგმენტები შემორჩენილია აღმოსავლეთის ერთ-ერთი უბის თაღში. სატრაპეზოს ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. კედელში ჩართულია ჯვრისგამოსახულებიანი XI საუკუნის ფილები. ნაგებობას ექვსრიგად ხერხისებურად დაწყობილი აგურის განიერი ლავგარდანი აქვს. დასავლეთით ფრონტონიანი მცირე ზომის კარიბჭეა, საიდანაც სატრაპეზოს დასავლეთ კედელში გაჭრილ გვირაბში შეიძლება შესვლა. კარიბჭეში შესასვლელი სამხრეთიდანაა. 

8.  ქვაბები – მონასტრის ბერები საცხოვრებლად და სახიზრად კლდეში ნაკვეთ მღვიმეებს ანუ ქვაბებს იყენებდნენ. სხალტბის ქედის ფერდობზე 100-ზე მეტი მღვიმეა აღრიცხული. ქვაბები განლაგებულია მონასტრის მხარეს, სწორე და ჯოჯოხეთის ხევების სათავეებში. თავდაპირველად ბუნებრივი გამოქვაბულები გამოუყენებიათ. შემდეგ მონასტრის კრებულის გაზრდასთან ერთად, ბერებს მღვიმეები თვითონაც გამოუკვეთიათ კლდეში. მღვიმეები გარკვეული სისტემით არის განლაგებული. შექმნილია რამდენიმე ჰორიზონტალური მწკვრივი, თითოეულში 3-4 გამოქვაბულია. ერთ მწკრივში შემავალი გამოქვაბულები ერთმანეთისაგან დაკავშირებულია გვირაბისებრი ან აივნისებრი გასასვლელებით. ამჟამად ისინი ზოგან ჩანგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გადასვლა ვერ ხერხდება. ქვევიდან გამოქვაბულში ვერტიკალური გვირაბებით და ხის ასატანი კიბეებით ადიოდნენ. 

ძეგლის სტატუსი

შიომღვიმის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.


 

 

 

 

 

 


ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)


ნანახია: 1651 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 114
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2014 | Make a free website with uCoz