მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 13:53
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » არშის ციხე
16:23
არშის ციხე

არშის ციხე

(XVI - XVII სს)

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ციხე, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, გვირაბი, წყალსადენი, წმინდა გიორგის ხატი.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

არშა-არსა-არში, მონღოლურად თბილი ან მჟავე წყალია, რომელსაც მოხევეები ”ვეძახს” უხმობენ. არშის ციხის სიახლოვეს, მის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფერდობებზე, ახლაც ამოედინება ”ვეძაი და მუნჯაი” და შესაძლებელია ციხემ სახელმწოდებაც აქედან მიიღო. საყურადღებოა ვეინახური ”არშტი”, რომელიც ბურახული და დაბურული ტყის სინონიმია.

ადგილმდებარეობა

არშის ციხე მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის სამხრეთ–დასავლეთით 5 კმ-ში მდებარე სოფელ არშის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, პლატოზე.


ისტორიული მიმოხილვა

არშის ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ხევის ბინადარნი მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდ მანძილზე უწევდა კონტროლს თერგისა და სნოს ხეობას. `ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნილი, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილ კლდითავე და შეუვალი კაცთა~, - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. აქ ინახებოდა ისტორიული რკინის კლიტე, რომლითაც ციხის კარს კეტავდნენ. ლეგენდის თანახმად კლიტე ქართველთა ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, ვინმე არშელს ღურმა ბაზალს წამოუღია. 
ისტორიულ წყაროებში არშა მოხსენიებულია 1623 წელს გიორგი სააკაძის მეთაურობით შაჰ-აბასის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებასთან დაკავშირებით.
აქ გამოამწყვდია გიორგი სააკაძემ მისი მოსისხლე ანდუყაფარ ამილახვარი მეუღლითურთ. არშას `ყარაყალხანის~ სახელწოდებით იხსენიებენ სპარსულ წყაროებში.
XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე ციხეს არაგვის ერისთავები ფლობდნენ. ამ დროს მას ხევს ვიხესაც უწოდებდნენ. არშის ციხის სიძლიერეზეა საუბარი ბარძიმ არაგვის ერისთავის მიერ 1731 წელს ვახტანგ VI-სადმი რუსეთში გაგზავნილ წერილში. ის ცნობა, იმის შესახებ, რომ ხევში და კერძოდ არშის ციხეში საგანძურის სამალავი იყო. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლება კვლავ დაეპატრონა არშის ციხეს. დიდი იყო ციხის მნიშვნელობა ლეკებისაგან თავდასაცავად. არშის ციხესთან სოფელ გაიბოტენში მზადდებოდა თოფის წამალი, რომლის მარაგი თვითონ არშის ციხეში ინახებოდა, იქიდან კი საჭიროების დროს დანარჩენ ციხეებს ურიგდებოდა.
მოთარეშეებს არასდროს დაუპყრიათ არშის ციხე. XIX საუკუნის დასაწყისში არშის ციხე ჯერ კიდევ მოქმედი იყო.
საამაყო ძეგლი მტრისაგან დაუნგრეველი, მამაპაპათაგან სისხლით დაცული და გამაგრებული არშის ციხე აფეთქების შედეგად დაანგრიეს XX საუკუნის 60-იან წლებში.


ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

ციხის კართან მდებარე ლოდზე ჯვარია ამოკვეთილი, კლდეზე კი წითელი ჯვრებია გამოსახული. ხალხური თქმულებით, ლეკებს ციხის დარაჯისათვის ამ ქვაზე ხმლის ჯვარედინი დაკვრით თავი მოუკვეთიათ და მისი სისხლით კლდეზე ჯვრები გამოუსახავთო.
არშის ციხე ყაბარდოელებს უგდიათ ხელთ და ხევის მოსახლეობისათვის ხარკი დაუწესებიათ. ჯარის შესანახი ულუფის გარდა ხევის მოსახლეობას მორიგეობით ციხის-თავისათვის საქორწილოდ გამზადებული საპატარძლოც უნდა მიეგვარად ღვინითა და ხორაგეულით ემასპინძლა. ხალხი დრტვინავდა. ბევრი ვაჟკაცი შეაკვდა მომხდურს. სხვანი წინამძღოლს მოელოდნენ. ხალხური გადმოცემით სოფ. გაიბოტენში იმ დროს ცხოვრობდა ”პეიტარ-ბერ-კაცი” ნადირა ხულელიძე. მჭედელი ”რკინისა და რვალისა”, თოფის წამლის დამზადების მესაიდუმლე და განთქმული ქამანდარი. ნადირას ჰყოლია ულამაზესი ქალიშვილი თანდირა. როდესაც თანდირას გათხოვების ჟამი მოვიდა არშის მბრძანებლის მიერ დადგენილი წესის თანახმად, ნადირა ხულელიძემ წაიღო არშის ციხეში მრავლად ღვინო, ხორაგეულობა და ძვირფასი საჩუქრები: საუცხოოდ მოოჭვილი ხანჯალი, უნაგირი და აღჭურვილობანი. თან წაიყვანა ასული თანდირა და სასიძო. ნადირა ხულელიძე, რომელიც ადრე არშის ციხეში მეთოფედ მსახურობდა, მტერს მოჩვენებითი კეთილგანწყობით გაუშინაურდა. გაიმართა დიდი პურობა და სმა-ჭამა. მერიქიფობა თანდირას მიანდო, როდესაც ყაბარდოელთა ლაშქარი დათვრა, ნადირა ხულელიძე ციხის ბატონს საჩუქრებით წარუდგა და თავისი ასულის უბიწოდ დატოვება შესთხოვა. ბატონს საჩუქრები მოეწონა, განსაკუთრებით მოხიბლა უცხოდ ნაჭედმა ხმალმა, მაგრამ სიმოკლის გამო დაიწუნა და პატრონს დაუბრუნა. ”ხმალს სიმოკლე რას დაუშლის, ფეხი წადგი, წაგრძელდებაო”. შესძახა ნადირამ და ციხის მეპატრონეს თავი გააგდებინა. ნადირამ და მისმა სასიძომ ამოხოცეს ციხის ყარაულები და კარი გაუღეს სიახლოვეს ჩასაფრებულ მოხევეთა ლაშქარს. შურისძიებით აღვსილნი გრიგალივით შეიჭრნენ ციხეში და ვინც დასახოცი იყო, დახოცეს, ვინც არა-დაატყვევეს. არშის ციხეს კვლავ მოხევეები დაეპატრონნენ, ხოლო ციხის უფროსად ნადირა ხულელიძე დაინიშნა. თანდირა და ნადირა ხულელიძეების გმირობაზე ხალხში არსებული თქმულება გამოიყენა დიდმა ილიამ თავის ”მგზავრის წერილებში”. ილიას და ლელთ (ხულელთ) ღუნიას საუბრის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ თქმულებაზეა დამყარებული.

არქიტექტურული აღწერა

1.  არშის ციხე ძირითადად ბუნებრივი წარმოშობისაა. მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, დიდ მთებს შორის აღმართული მაღალი კლდოვანი მთა, რომლის პლატო სიმაგრედაა ქცეული. არშის ციხე თითქმის მიუდგომელია. იგი ბუნებრივი სიმაგრეა და გალავანი არა აქვს. ადგილები, საიდანაც მტერს ციხეში შეღწევა შეეძლო, ნატეხი ქვით ამოშენებული სქელი კედლებით გაუმაგრებიათ. ციხის გალავანში ჩატანებულია სათოფეები, რომელთა მიხედვით არშის ციხე XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. არშის ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნად. 
gegma

ციხე (300X150 მ) ნატეხი ქვითაა ნაგები, ტერიტორია საკმაოდ რთული რელიეფისაა. ყველაზე მაღალი წერტილია დასავლეთი ბოლო. აქედან რელიეფი მკვეთრად ეცემა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. ციხის ერთადერთი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეშია. ციხეს აქვს ერთი მისასვლელი გზა სოფელ არშიდან ჩხატის წყლის ზევით, საიდანაც ციხისაკენ ადის ბნელი ასასვლელი ბილიკი.
იქაური კარი ჩვენამდე კარგადაა მოღწეული, რადგან მთლიანად სქელი ფურცლოვანი რკინითაა მოჭედილი. მისი ზომა: 1.50 X 0.82 მეტრია. კარები იკეტებოდა გარდიგარდმო გაყრილი მსხვილი ძელით. ერთ-ერთი ცნობით, XIX საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ კარგად ყოფილა შენახული შესასვლელის დაცვის რთული სისტემა. შესასვლელის გვერდით კლდეში საყარაულო ყოფილა გამოჭრილი, რომელიც კართან კიბით იყო დაკავშირებული. ამავე კიბეზე გადიოდა და ციხისაკენ მიემართებოდა კერამიკული წყალსადენი, რომლის სიგრძე ორ კილომეტრს აღწევდა.

2.  ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დგას IX-X საუკუნეების ეკლესია (9,6X5,2 მ), რომელსაც ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე გვიანდელი მინაშენი (დანგრეულია) ეკვროდა. შენობა ნაგებია თლილი ქვით. ქვები ფასადების მხარეს შედარებით უკეთაა დამუშავებული. ეკლესია დაზიანებულია. შეასავლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. დარბაზის შუაში შემორჩენილია ქვიშაქვის ოთხწახნაგა ქვასვეტი (სიმაღლე 1,3 მ), რომელიც კუთხეებმომრგვალებულ მოზრდილ ქვაზეა დადგმული. ქვასვეტის სამი წახნაგი ერთი მოტივითაა დამუშავებული – კუთხეებში მსხვილი ლილვებია, მეოთხე – ოდნავ დაღარულია. ქვასვეტი დასრულებულია ნალისებრი კბილანებით დამუშავებული მაღალი კაპიტელით. ქვასვეტი დაგვირგვინებული ყოფილა ქვის ჯვრით (ამჟამად დაკარგულია). 

3.  არშია ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები-ს ნანგრევები. შენობათა უმრავლესობა ერთოთახიანია, გვხვდება ერთმანეთთან დაკავშირებული ორ, სამ და ოთხოთახიანი სათავსებიც. მათი სიმაღლისა და გადახურვის ფორმების დადგენა დაზიანების გამო ვერ ხერხდება. 
ციხეში გაყვანილი იყო გვირაბი.

4.  ციხის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის ხატი. ხატი ოთხწახნაგა პრიზმის ფორმის ნაგებობაბაა, ნაშენია ფიქლის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. კედელში დიდი ოთხკუთხა თახჩაა დატანებული. ხატი გადახურულია ფიქლით. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით საზარეა - ქვების ორ გროვაზე რკინის ჯოხია გადებული. ჯოხზე დიდი ზარია ჩამოკიდებული. 
ეკლესიის მახლობლად 1972 წელს ისტორიის, არქეოლოგის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა გათხარა შუა საუკუნეების ორი აკლდამა, აკლდამები დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნაგებია უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვითა და დუღაბით. გადახურულია ფიქლის ფილებით. ჩასასვლელი სახურავიდანაა. აკლდამებში აღმოჩნდა მიცვალებულის მიმოფანტული ძვლები და მინის ორი მძივი.




                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 2870 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz