მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 08:42
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ანანური
19:16
ანანური

ანანურის კომპლექსი

(XVI-XVII სს)


კომპლექსშ შემავალი ობიექტები

ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები;


ადგილმდებარეობა

ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, თბილისიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 66 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.


ისტორიული მიმოხილვა

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ზ ე დ ა ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში.
მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთის ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს, ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს.
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული. მისი სალხინობლის წარწერა გვაუწყებს, რომ ’’ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.
1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან ის მეფის მოხელეთა რეზიდენცია გახდა.
1786 წელს ანანურის მიმდებარე ტერიტორია - სოფელი დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ამ დროს, ”მცირე ქალაქს” წარმოადგენდა, რომელშიც 100 კომლი ცხოვრობდა.
1791 წლის ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი.
სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ ამ პუნქტში ვაჭრობის განვითარება განაპირობა. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის II ნახევარში აქ ყოფილა სამეფო სამღებრო. XIX ს-ის I ნახევარში იოანე ბატონიშვილმა ანანურს ”ყასაბა ქალაქი” უწოდა.
1803-21 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ის რუსეთის ჯარებს გადაუწვავთ.



არქიტექტურული აღწერა


1. ციხე შედგება ზედა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ციხისაგან.
ქვედა ციხე აგებულია XVIII საუკუნეში. მას არასწორი სამკუთხედის ფორმა აქვს და ზედა ციხეზეა მიშენებული ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. შემორჩენილია ყორე ქვითა და აგურით ნაგები გალავნის კოშკებისა და საცხოვრებელი სახლების კვალი. აღმოსავლეთი კედლის ოთხკუთხა კოშკში ჭიშკარი იყო, გალავნის სამხრეთ კედელში - სათადარიგო კარი.
ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდაა, აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.

2. ანსამბლი გაშენებულია დასავლეთიდან და აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე და მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. 

3. კოშკები - შესასვლელი სამხრეთიდანაა, ოთხსართულიანი სათავდაცვო კოშკის I სართულიდან. კარის წინ ქვის კიბეა. კოშკის ზედა სართულები დაზიანებული და გადაკეთებულია. II სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.კარი შეისრულთაღოვანია და შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შესასვლელის ორივე მხარეს თითო თახჩაა. ორი თახჩაა აღმოსავლეთ კედელში. მათ შორის ბუხარია. სამ-სამი თახჩაა სამხრეთით და ჩრდილოეთით. მათგან სამხრეთი თახჩები სათოფურებითაა აღჭურვილი. III სართული სათავდაცვოა. შესასვლელი დასავლეთიდანაა - საბრძოლო ბილიკიდან. შემორჩენილია სათოფურეები. IV სართული ქონგურებიანი ბანია, სართულის სამხრეთ კედელში სათოფურების გარდა ერთი სალოდეცაა. 

გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი - ”შეუპოვარი” ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი სათავდაცვო ნაგებობაა. გეგმით მოგრძო სწორკუთხედია (6,8X8X20 მ). მისი ორი მესამედი ნაწილი გალავნის გარეთაა გასული.კოშკი თავდაპირვე;ად ექვსსართულიანი იყო, მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოხსნეს და კედლები აამაღლეს. ამჟამად, კოშკს პარაპეტიანი ბანი აქვს. კოშკი საცხოვრებელიცაა. მთავარი შესასვლელი I სართულზეა ეზოს მხრიდან. კოშკში შესვლა საბრძოლო ბილიკებიდანაც შეიძლება. შესასვლელები II სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია - ერთმანეთის პირდაპირ. ყოველ სართულზე სათოფურეების უწყვეტი მწკრივებია. სათოფურეები მოქცეულია სწორკუთხა ნიშებში. I, II, III, IV და V სართულზე თითო ბუხარია. სართულშუა გადახურვა ხისაა - ბრტყელი. კედელში ჩატანებული კიბე II სართულიდან ბოლო სართულამდე ადის.საბრძოლო ბილიკებით კოშკი გალავნის სხვა კოშკებთანაა დაკავშირებული.
გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია ჩართული. იგი ექვსსართულიანია და დასრულებულია ღია ბანით. I სართულზე შესასვლელი ეზოდანაა, II და III სართულებზე - საბრძოლო ბილიკიდან. კოშკის ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. პირველ სამ სართულზე ბუხრებიცაა. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდება ერთმანეთს. კოშკი სათავდაცვოა. IV სართულზე ოთხი სალოდეა, მოგვიანებით დაშენებულ ზედა ორ სართულზე - ცალმაგი და ორმაგი სათოფურები.

გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას პატარა ცილინდრული ფორმის სათავდაცვო ოთხსართულიანი კოშკი. შესასვლელი I სართულზეა, ეზოდან, მეორე და მესამეზე კი საბრძოლო ბილიკიდან. I სართულზე ოთხი სათოფურია, ზედა სართულებზე მათი რაოდენობა მატულობს. IV სართულზე სალოდეები და საზარბაზნეებია. ბუხარი მხოლოდ II და III სართულებზეა, შესასვლელის პირდაპირ. 
გალავნის ჩრდილოეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დგას ყველაზე პატარა ნახევარწრიული კოშკი. შემორჩენილია მისი სამი სართული. ზედა ორი სართული ეზოს მხარეს ღიაა. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე - თახჩები. II სართულზე სათოფურები და სალოცავებია, მესამეზე - მხოლოდ სათოფურეები. სართულშუა გადახურვა არსად არ შემორჩენილა.

ზედა ციხის ცენტრში დგას ეგრეთწოდებული ხევსურული კოშკი (408X4,6 მ), იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა (თარიღდება XIV-XV საუკუნეებით). კოშკი ოთხსართულიანია. იგი მაღალი (18 მ) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღიანია, იკეტებოდა ურდულით. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკვაშირდებოდა. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. I სართულის კედლებში მხოლოდ პატარა ნიშებია, II და III სართულების კედლებში - თითო ვიწრო სარკმელი, IV სართულის ყოველ კედელში თითო განიერი სარკმელია, ყველა სარკმლის თაღი შიგნიდან ისრულია, გარედან - ნახევარწრიული. გადახურვის ქვეშ ისრულკამარიანი სათვალთვალო სათავსია. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვის წესიერი წყობით. ზოგან შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. პირამიდული გადახურვის საფეხურები გარედან დაფარულია ქვის ლორფინებით.

4. ანსამბლის მთავარი ნაგებობა, ღვთისმშობლის ეკლესია დგას ”ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით. სამშენებლო წარწერების თანახმად, იგი 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის დაკვეთით აუგიას ბოქაულ-თუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (23,1X17,2 მ), აშენებულია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და ცენტრში აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და ორ რვაწახნაგოვან ბოძს. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე ჩრდილოეთით აფსიდიანი სამკვეთლოა, სამხრეთით - სწორკუთხა სადიაკვანე. მათ თავზე საიდუმლო ოთახებია. ორივე სადგომში, საკურთხევლის მიმდებარე კედლებში მოწყობილია კიბეები მეორე სართულის ოთახებისაკენ, იქიდან კი კონქის თავზე ასაძრომად. გუმბათის ყელში გაჭრილია თექვსმეტი სარკმელი. ჯვრის მკლავებში სარკმლები არათანაბრადაა განაწილებული: საკურთხევლსა და ჩრდილოეთის მკლავში, დიდი თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ, თითი პატარა, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან მრგვალი სარკმელია. სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელია ერთ დონეზე. დასავლეთის მკლავი უსარკმელოა. ამ მხარეს მხოლოდ კუთხის სადგომების თითო სარკმელი გამოდის. თითო მრგვალი სარკმელია მოწყობილი სამკვეთლოსა და სადიაკვნის აღმოსავლეთ კედელში. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები: სამხრეთ კედელზე, სარკმლების ქვემოთ - დღე განკითხვისა, ბურჯებზე - წმინდანების, ხოლო პოლონებზე - ასურელ მამათა გამოსახულებები. გამოსახულებებს ახლავს წარწერები : ”იასე წილკნელი”, ”სტეფანე ხირსელი” და სხვა. 

ეკლესია სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით და დასრულებულია პროფილირებული ლავგარდნით. ყოველი ფასადი დაყოფილია სამ მონაკვეთად.ყოველ მონაკვეთს შეწყვილებული ლილვი აქვს შემოვლებული. შუა გაცილებით ფართო და მაღალია, კარნიზებს მიბჯენილი - თაღოვანი. განაპირა მონაკვეთები კი სწორკუთხაა. აღმოსავლეთის ფასადის შუა მონაკვეთის ღერძზე განთავსებულ სარკმელს მოჩუქურთმებული საპირე აქვს შემოვლებული. საპირეს ქვემოდან ებმის ფართო არშია, რომელიც ცოკოლს ებჯინება. სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი, მოჩუქურთმებული ჯვარი. ჯვრის ორივე მხარეს, განივი მკლავების ქვემოთ, თითო მცირე ჯვარია, მათ ქვემოთ - თითო მრგვალი სარკმელი. გვერდითი მონაკვეთების სწორკუთხა ჩარჩო სიმაღლით სარკმლისა და ჯვრის თანახვედრის დონეს უსწორდება. ამ მონაკვეთებში შესაბამისად სამკვეთლოსა და სადიაკვნის სწორკუთხა სარკმლებია განთავსებული, რომელთა ზემოთ, მოჩარჩოების ფარგლებს გარეთ, მეორე სართულის ოთახების თითო მრგვალი სარკმელი გამოდის. დასავლეთის ფასადი ზოგადი დანაწევრებით აღმოსავლეთის ფასადის მსგავსია. მაგრამ განაპირა არეები სწორკუთხედის სახისა კი არ არის, არამედ საფეხურებიანი, რომლებშიაც კუთხის ოთახების თაღოვანი სარკმლების ზედა ნახევარია მოქცეული. შუა არეში გამოსახულია უზარმაზარი, მოჩუქურთმებული ჯვარი. იგი ორ, კუდებგადასკვნილ გველეშაპზე დგას. ჯვრის მარჯნივ, განივი მკლავის ქვემოთ, ვაზის რელიეფური გამოსახულებაა, რომლის მარჯნივ, რტოების ქვემოთ, პატარა რელიეფია: ღვთისმშობელი ყრმით. სამხრეთის ფასადი სხვებზე მეტადაა მორთული. ცენტრში დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია კუდებითგადახლართულ ორ გველეშაპზე აღმართული. ფასადის მარცხენა მონაკვეთში მდიდრულად მორთული პორტალია.კარს ლილვები და ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მედალიონებში ანგელოზთა და წმინდანთა გამოსახულებებია. კარის მარცხნივ ცამეტსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერაა: ”...ელ ყო არაგვის ერისთვის შვილმან მდივანბეგმან პატრონმან ბარძიმ თვისისა სასაფლაოსა ამის ანანურისა, მღთის მშობელისა საფუძველითურთ შენებად, მარაველცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი და მე წინამდგომელი თვისი ბაღსარაშვილი ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროვ დამადგინა წმიდასა ამას მონასტერსა ზედან სარქრად. უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდრემდის განასრულებდნენ მონასტერსა ამას... ვინც წაიკითხოთ, შენდობას ბრძანებდეთ თქვენცა. ღმერთმა თქვენც შეგინდეს. ქორონიკონს ტოზ”. ჩრდილოეთის ფასადი შედარებით სადაა. შუა არეში, სარკმლის თავზე, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებული წვრილი ჯვარია, რომლის განივი მკლავების ბოლოებთან თითო პატარა მრგვალი სარკმელია. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი პორტალს უკავია. კარს ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მის ზემოთ ჯვრის ამაღლების სცენაა. გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი სარკმელია. სარკმლებს თავზე, თითო წახნაგის გამოშვებით, გლუვი ლილვით გამოყვანილი თითო მცირე ჯვარია. გუმბათს რთული პროფილის უჩუქურტმო ლავგარდანი აქვს. სახურავის დაზიანებულ ლორფინებზე გადაფარებულია თუნუქი.


5. ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია, იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (16,4X13,3 მ), ნაშენია ნატეხი ქვით და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარში. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის მკლავები და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ჯვაროვანი გეგმის ორ ბოძს. ამ ბოძების დასავლეთით ამგვარივე ბოძების კიდევ ერთი წყვილია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვანეა. სამკვეთლო დასავლეთით ღიაა და თაღით უკავშირდება ჩრდილოეთის მკლავს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში აფსიდში გამავალი თაღოვანი კარია. მკლავების კამარები ისრულია: დასავლეთის მკლავი გვერდითა ”ნავებს” ორ-ორი თაღით უერთდება. გვერდითა ”ნავები” ორ კვადრატულ მონაკვეთად იყოფა. თითეულ მათგანს თავისი ოთხწახნაგა შეკრული კამარა აქვს. ცილინდრული გუმბათის ყელში თოთხმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - თითო.

ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთის კართან ახლოს, დგას თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა სალხინობელი. მისი კამარა კუთხის სვეტზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. კამარა შელესილი და მოხატულია. მოხატულობა ოდნავ დაზიანებულია. აღმოსავლეთით ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია - ყრმით ხელში, სამხრეთით - ხარება და მოგვთა თაყვანისცემა, დასავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება, ნათლისღება და ჯვარცმა. მოხატულია სალხინობლის თაღებიც. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღებზე მხოლოდ ორნამენტებია. მოხატული იყო აგრეთვე სვეტების ის ადგილები, სადაც წარწერა არ იყო. სალხინობლის სამ კედელზე ვრცელი მხედრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ ”ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს ააგო ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისთვის.
ეკლესიის ცოკოლი მიწითაა დაფარული. ნატეხი ქვით ნაგებ კედელზე მხოლოდ სარკმლების ხვრელობებია.

6.  ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია ”მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავანს გარეთ გადის. თარიღდება XVI საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11.2X7.1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში სარმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, ოთკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთაც, რომელიც სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით. შეისრულია კონქის თაღიც. ფასადები სადაა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს. 

7. სამრეკლო რვაგვერდა ღია ფანჩატურია. თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ნაგებია თლილი ქვით. მისი კამარა ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა, თაღები - წიბოებ ჩამოთლილი ქვის ოთხგვერდა სვეტებს. სვეტებს პროფილირებული ბაზისები და კაპიტელები აქვს.კედლები დასრულებულია მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ლავგარდანსა და თაღს შორის ვარდულებია ჩასმული. სამრეკლო გადახურულია ჰორიზონტალურად ნაწყობი აგურით. სახურავის ქიმი ქვისგანაა გამოთლილი.

8. დიდ გუმბათოვან ეკლესიასა და სამრეკლოს შორის მიწისქვეშა რვაკუთხა საკანია (3.5X3.5 მ). იგი დასავლეთით ეკლესია ”მკურნალს” ეკვრის. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. ქვედა ციხის ეზოდან ვიწრო, ორიიარუსიანი დერეფანი თაღიანი კარით უკავშირდება საკანს. მისი სარკმელი გაერთიანებულია ეკლესიის დასავლეთის კედელში გაჭრილ სარკმელთან. ამ სარკმლის ორივე გვერდზე, ნიშებში მოქცეული პატარა სარკმლები ამჟამად ამოშენებულია. კარის პირდაპირ ბუხარი იყო, რომელშიც ახლა საკნიდან ზედა ციხის ეზოში ასასვლელია გაჭრილი. საკანი გადახურულია აგურის გუმბათოვანი კამარით.

9. ზედა ციხის გალავნის სამხრეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია წყალსაცავი, რომელიც შედგება ორი ავზისა და სასმელი წყლის მისაღები სათავსისაგან - ”წყაროსგან” (საერთო ფართობით 12.9X9.6 მ). წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავზები სწორკუთხა ისრული კამარით გადახურული სათავსებია. წყალი გამოყვანილი იყო ციხის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხეივნიდან მიწაში ღრმად ჩაწყობილი თიხის მილებით. ზედა ციხის გალავნის დასავლეთის კედლის ქვეშ (”შეუპოვართან” ახლოს) შემოსული წყალსადენი უერთდებოდა წყალსაცავს. ავზები წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. წყალი შედიოდა წყალსაცავის დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში სპეციალური შესასვლელით და ავზების გამყოფ კედელში არსებული პატარა კარით გადადიოდა მეორე სათავსში, ამ სათავსის გავსების შემდეგ მილებით ჩადიოდა მესამე სათავსში.  
”წყაროში”, რომელიც მეორე ავზზე ჩრდილოეთიდანაა მიშენებული. ”წყარო” გეგმით ჯვაროვანია, ჯვრის მკლავებს აგურით ამოყვანილი ისრული კამარები აქვს. აგურისაა აგრეთვე შუა ავზის კამარა, პანდანტივები, კარის თაღი და დეკორატიული წყობა მის გარშემო. წყალსაცავის უმეტესი ნაწილი მიწაშია. არქიტექტურულად დამუშავებულია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. ფასადზე ისრული თაღი დიდ სწორკუთხედშია ჩასმული და ზევიდან აგურის კბილანა წყობის ჰორიზონტალური ხაზი გასდევს. ზედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ერთი პატარა წყალსაცავია - ნატეხი ქვით ნაგები ჭა, რომლის სიღრმე 6 მ-ია. ზედა დიამეტრი 1.2 მ, ქვედა - 3 მ. შიგნიდან შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით.


ძეგლის სტატუსი და დაქვემდებარება

ანანურის ღვთისმშობლის, ღვთაების და ”მკურნალის” ეკლესიები წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედია, ღვთაების ეკლესიაში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.



 


 


 


 



                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 4704 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz