მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 05:44
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » დმანისის ნაქალაქარი
17:41
დმანისის ნაქალაქარი

დმანისის ნაქალაქარი

( .... – XVIII ს.)


კომლპექსში შემავალი ნაგებობები

დმანისის ნაქალაქარის მუზეუმ-ნაკრძალში 150-მდე ძეგლი შედის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ქ ა ლ ა ქ ი
ქალაქის გარეუბანი

I. გალავანი

II. შიდა ციხე

III. დმანისის სიონი

IV მარინეს ეკლესია 

V ორი ეკლესია 

VI წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი 




მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.

დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.

მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO ERECTUS-ების ადრეულ ჯგუფს HOMO ERGASTER -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.


ადგილმდეარეობა

დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.


ისტორიული მიმოხილვა

დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ეს ტერიტორია დასახლებულია ადრე ბრინჯაოს ხანიდან. ყველაზე საინტერესო ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. სახელწოდება „დმანისი" ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი" უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის" ან „დაბებისგან" უნდა წარმოქმნილიყო.
წერილობით წყაროებში დმანისი VI საუკუნეშია ცნობილი. VI-VII საუკუნეებში აქ მცირე ქალაქური ტიპის დასახლება და დმანისის საეპისკოპოსო კათედრალი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის სიონი სწორედ ამ პერიოდშია აგებული) იყო. როგორც ქალაქი, პირველად იხსენიება IX საუკუნეში. ამ დროს მას არაბები ფლობდნენ: „დარიალით გადმოიყვანნა (ბუღა თურქმა) ოვსნი ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს" – გვამცნობს მატიანე ქართლისაი. ამავე პერიოდში უნდა აგებულიყო ის ძირითადი ნაგებობები – შიდაციხე, ქალაქის გალავანი და სხვა, რაც ნანგრევების სახით დღეს ნაქალაქარის ზედა ფენაზეა წარმოდგენილი. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დმანისი სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. შემდგომში მცირე ხნით კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. განსაკუთრებით დაწინაურდა დმანისი XII-XIII საუკუნეებში. ეს ქალაქის ახალი აღმშენებლობისა და აყვავების ხანაა. გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს.
XIV საუკუნის ბოლოს ქალაქი თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს, 1486 წელს – იაყუბ ყაენის ჯარებმა. დმანისი ამ პერიოდიდან დაცემის გზაზეა. XVI საუკუნიდან ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს ბარათაშვილების მიერ აღსდგა მხოლოდ მისი ციხე. ამავე საუკუნის ბოლოს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს, XVII საუკუნის დასაწყისში – სპარსელებმა. XVIII საუკუნეში დმანისი საბოლოოდ გაპარტახდა, სიცოცხლე შეწყდა და ნაქალაქარად იქცა.
XIX საუკუნის პირველი მეოთხედიდან ხელახლა იწყება დმანისის ტერიტორიის ათვისება. ნაქალაქარის მიდამოებში – დღევანდელი დმანისის ტერიტორიაზე – პირველად დასახლდნენ ჯავახეთიდან ლტოლვილები და სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველები. ამ ტერიტორიაზე დასახლება დაიწყო უცხო ერის ხალხმაც, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ აქ. ესენი იყვნენ ბერძნები, გერმანელები და რუსები. 1921- 47 წლებში მას (თანამედროვე დმანისს) ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგემობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

შუასაუკუნეების ნანგრევების ქვეშ განმარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს. პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ 1983 წელს ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus. ცხოველის ეს სახეობა ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. 1991 წელს ქართველ მეცნიერებს შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ–გერმანეშ– ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ს, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. თავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.


ლეგენდბი, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

სოფელ ვანათში (დმანისის მახლობლად) გავრცელებულია ერთი გადმოცემა დმანისის ციხის ლეკების მიერ აღების შესახებ. გადმოცემის მიხედვით, ეს ციხე თამარის დროს აშენებულა, რათა მახლობელი სოფლების მოსახლეობას შიშიანობის დროს თავი შეეფარებინა. ერთხელ, საქართველოს ძნელბედობის ჟამს, ამ ციხეს ლეკები დასხმიან თავს. ბევრს ცდილან, მაგრამ ვერ შესულან. ბოლოს ერთ გარემოებას უშველია მათთვის: ციხიდან ერთი შეხიზნულთაგანის ცოლს თვალი მოუკრავს ლეკების ბელადისთვის და ძლიერ შეჰყვარებია. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის წერილი მოუბამს და ძირს ჩამოუშვია. წერილში ეწერა, რომ ამ ძაფის სიგრძე კიბე გააკეთეთ და ამოდითო. ლეკები ასეც მოქცეულან. შუაღამისას შესულან ციხეში და იქ მყოფები დაუხოცავთ. ქალი ბელადს შეურთავს და ციხეში დაბინავებულა. მიმდებარე სოფლები აუოხრებიათ.

არქიტექტურული აღწერა

დმანისის ნაქალაქარი ორი მკაფიოდ გარჩეული ნაწილისგან შედგება. ერთია ქალაქი, მოთავსებული კონცხზე, რომლის ფართობი 13 ჰა-ს უდრის და მეორე – მის სამხრეთით, მდ. ფინეზაურის ორივე ნაპირზე მდებარე გარეუბანი, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ჰა-ს მოიცავს.

ქალაქი
ქალაქის ზემო ნაწილში კულტურული ფენის სიღრმე ყველგან 2,50-3,0 მეტრს აღწევს. ქვევით, ნაპირებისკენ, ამ ფენის სისქე მცირდება. ასე რომ, კონცხის ბოლოში აწეული ზედაპირი მეტწილად მხოლოდ 0,40-0,5 მეტრით მაღლა მდებარეობს ძველ ზედაპირთან შედარებით. აქ შენობები პირდაპირ კლდეზეა დაფუძნებული. ნაშალი თხლად ფარავს ნანგრევს და ხშირად კარის ზღურბლი ისევ ისე გამოდის გარეთ, როგორც 7-8 საუკუნის წინათ გამოდიოდა. სამხრეთიდან ქალაქს ადგება ძველი გზა, რომელიც ჭიშკრის გავლით ქუჩის სახით გრძელდება შიგ ქალაქში. ქალაქის ქუჩების სიგანეა 2,50-4,70 მ. ქუჩა შემოფარგლულია დაბალი კედლებით. მსხვილი, ერთმანეთთან მორგებული ქვები შეადგენენ ქუჩის მკვრივ ქვაფენილს. სახლები ნაგებია ბაზალტით, არც ისე გულდასმით. ქვა გაუთლელია. შიგნიდან შენობები შელესილია, მდიდრულ სახლებში კი მოპირკეთებულია შორენკეცით. იატაკებში ჩაფლულია ქვევრები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამეთუნეო, ზეთსახდელი დაწესებულებები, სახელოსნოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესის ნაშთები.

I. გალავანი, რომელიც ქალაქს 3 მხრიდან (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისა) აკრავს, ამავე დროს, ციხის გალავანსაც წარმოადგენს. მისი სიგრძე მთელ პერიმეტრზე 322 მ-ია. გალავნის კედლის სიგანე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისაა. ეს, ალბათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან იყო ციხეზე მოსალოდნელი მტრის შემოტევა და ასევე, ბუნებრივი თავდაცვითი გარემოს საიმედოობაზე. გალავნის სრული სიმაღლე არსად არის შემორჩენილი. მისი საძირკველი უშუალოდ კლდეზეა დასმული. რელიეფი ისეა გამოყენებული, რომ ძირის გამოთხრა და ამ ხერხით ციხეში შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო. კედლები ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით, ასევე, სხვადასხვა უფორმო ქვებით კირის დუღაბზე. ბურჯებიც სხვადასხვა სიმაღლისა და დიამეტრისაა.  

II. შიდაციხე იმყოფება გალავნის შიგნით, მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სადაც ნიადაგი უცებ 20-25 მეტრით მაღლდება. ქალაქიდან იგი გამოყოფილია სპეციალურად აგებული გალავნის კედლით, რომელშიც არის ქალაქიდან შესასვლელი ერთადერთი კ ა რ ი ბ ჭ ე. ციხეს, რომელსაც 3250 მ² უჭირავს, სამი საბრძოლო კ ო შ კ ი ჰქონდა. ყველა მათგანი სამხრეთის მხარეზეა (საიდანაც მტრის მიერ ციხეზე შეტევა ხდებოდა).

1. პირველი კოშკი განსაკუთრებული ნაგებობაა მთელი ციხის ტერიტორიაზე. მისი კედლების მშენებლობა 2 სხვადასხვა პერიოდს გვიჩვენებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა სამი საცხოვრებელი დონე (ფენა). დღეს შემორჩენილი ციხის მშენებლობა (ზედა დონე) უშუალოდ IX-XII საუკუნეებით თარიღდება. კოშკს სამმაგი კედლები აქვს. პირველი – ბაზალტის, მეორე – ქვიშაქვით ნაგები და მესამე – ორი მეტრის სიგანის კედელი, ისიც ქვიშაქვით ნაგები. კოშკის მომეტებულ ნაწილში ორი სართული ყოფილა, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთის მხრიდან აგებულ ბურჯებთან კედელში კოჭების ბუდეები. ჩრდილოეთი კედლისა და ბურჯების შემორჩენილი სიმაღლეა 6,10 მ, ხოლო კედლის სიგანე – 1,90 მ. კედელი ნაგებია დუღაბზე, ძირითადად ბაზალტის ქვით, თუმცა მასში შერეულია ქვიშაქვები. შესასვლელი კოშკის დასავლეთ ბურჯსა და ციხის გალავნის კედელს შორის მოუთავსებიათ. შემორჩენილია კარის ღიობის ფრაგმენტი. აღნიშნულ ბურჯში არის კარის ურდულის შესაყრელი ბუდე (0,15 X 0,2 მ). ღიობი თაღოვანი ყოფილა. მის წინ კიბის საფეხურებია. ბურჯსა და გალავნის კედელს შორის აღმართულია 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელზეც ადიოდნენ ხის მისადგმელი კიბით. ეს კიდევ ერთი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობაა კოშკში შემსვლელი მტრისთვის. კოშკში შესასვლელ კართან მცველისთვის საგანგებოდ მოწყობილი პატარა ოთახია (2,0 X 1,8 მ). #1 კოშკი ყველა ძირითადი მონაცემით, ითვლება ქალაქის შიდაციხეში შიდაციხედ. მშენებლობის ქვედა – მეორე დონე 1,20 მ სიღრმეზე აღმოჩნდა. აქ მდგარა ძლიერი სასიმაგრო თუ საცხოვრებელი ნაგებობა. ის უფრო პატარა ყოფილა (6,0 X 6,60 მ). კედლები ბაზალტის ქვით, ჰორიზონტალური წყობით იყო ნაგები. საშენ მასალად გამოყენებული იყო ასევე ალიზი, ქვიშაქვა და მუხის ხის კონსტრუქციები. კოშკი ოთხკუთხედი, თითქმის კვადრატული ფორმის იყო. მისი კედლების სიგანე, გარდა ჩრდილოეთი კედლისა, 2 მ-ია. ნახანძრალი ძელების ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ნაგებობის ნაშთი V-VII საუკუნეებით დაათარიღა. ამ ნაგებობის ქვეშ კი – დაახლოებით 1,3 მ სიღრმეზე, აღმოჩნდა მესამე დონე – შავი ფერის თიხის ფენა, რომელიც უშუალოდ დედარქანზე ძევს და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება.

2.  მეორე კოშკი ციხის სამხრეთ გალავნის კედელში დგას. იგი მცირე ფართობისაა (4,10 X 3,20 მ). კოშკი მოთავსებულია XVIII ბურჯში, ე.ი. XVIII ბურჯი თავისუფლად კოშკსაც წარმოადგენს. კოშკის შემორჩენილი ნაწილის სიმაღლეა 2 მეტრი. თვით ბურჯის შემორჩენილი სიმაღლე კი 5 მეტრამდეა. კოშკში იატაკი თიხატკეპნილია. შესასვლელი კარის სიგანეა 0,9 მ. დასავლეთ კედელზეა მიშენებულია ბრტყელი აგურით ამოყვანილი ბუხარი. ბუხრის სიმაღლეა 1,15 მ, ღიობის სიგანე – 0,70 მ, სიღრმე – 0,75 მ. მისი პირის თაღი შეისრულია. კოშკს სამხრეთის კედელში აქვს სარკმელი, რომლის შემორჩენილი სიმაღლეა 0,55 მ, სიგანე – 1 მ. კედლებში შეიმჩნევა შეკეთების კვალი, მაგრამ ძირითადი სახით ჩვენამდე მოღწეულია შუა საუკუნეებიდან. აღმოჩენილი მასალა თარიღდება XII საუკუნით.

3. ციხეზე გაითხარა მესამე კოშკიც, რომელიც ციხის გარეთ, აღმოსავლეთის გალავანსა და ქალაქის კარიბჭისკენ მიმავალი გალავნის კედლების შეერთებასთან, მათ კუთხეში აუგიათ. 
შიდაციხეში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობაა გამორჩეული. აქედან 3 ნაგებობა მაინც უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვანი პიროვნების, წარჩინებულის სასახლეს.

4.  პირველი ასეთი ნაგებობაა ლევან მუსხელიშვილის მიერ XIII საუკუნით დათარიღებული სასახლე თავისი აბანოთი. ის დმანისის მშენებლობის საუკეთესო ხანის ნაგებობას წარმოადგენს. დიდი ოთახი, რომელზეც მერე აბანოა მიშენებული, შიდაციხის სასახლის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. იგი გალესილი ყოფილა ბათქაშით, იატაკი ამჟამად მიწურია. გადახურვა ბრტყელი უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია ტიხრის ნაშთები. დარბაზს ერთი კარი და ერთი ფანჯარა ჰქონდა ჩრდილოეთ კედელში. აღმოსავლეთ კედელში ერთი ბუხარია. კედლებში, რომლებიც პირვანდელი სიმაღლითაა შენახული, ზევით გამოშვერილი თარხნები ჩანს (დაცულია მხოლოდ 4 თარხანი, რომლებზეც დაყრდნობილი იყო მეორე სართული). მეორე სართულის კედლები ადგილ-ადგილ არის შენახული. სამხრეთით არის პატარა ბუხრიანი ოთახი. სამივე კედელი ამოყვანილია ქვით. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია პატარა, სწორკუთხოვანი თახჩები. უფრო დიდი თახჩა აღმოსავლეთის კედელშიცაა, ხოლო მის პირდაპირ, დასავლეთ კედელში, კიდევ უფრო დიდი და ღრმა თახჩაა მოთავსებული. ეს ოთახი გვიანობამდე, თითქმის, XVIII საუკუნემდე უხმარიათ საცხოვრებლად. დიდ ოთახზე შემდგომაა მიშენებული ა ბ ა ნ ო. 

5. ნაგებობა მდებარეობს აბანოს ჩრდილოეთ მხარეზე, ქვედა, მესამე ტერასაზე. იგი თითქმის ოთხკუთხედის ფორმისაა. (16,60 X 11,80 მ) და ხუთი ოთახისგან შედგება. ნაგებობა კრამიტით უნდა ყოფილიყო გადახურული. იატაკი მოგებული იყო ბრტყელი აგურით, რომელიც დალაგებულია უშუალოდ კლდოვან ქანზე. აქ უნდა ყოფილიყო ქალაქის თავის თუ სხვა დიდი მოხელის საჯდომი. ამ ოთახს #2 ოთახი აკრავს, რომელიც ოთხკუთხედის ფორმისაა (9,80 X 4,40 მ). მის დასავლეთ ნაწილში ბუხარი ყოფილა მოწყობილი. ეს ოთახი სტუმრების მოსაცდელი უნდა ყოფილიყო. 

6. ციხის ნაგებობათა შორის მესამე, გამორჩეული და განსაკუთრებულია VI ნაგებობა, რომელიც კვადრატული ფორმისაა (12,50 X 12,70). ისიც სასახლე უნდა ყოფილიყო. კედლები კედლები აშენებულა ქვითა და ბრტყელი აგურით. იატაკიც ბრტყელი აგურითაა მოგებული. შენობა ორსართულიანი იყო და გადახურვაც ბრტყელი აგურის ჰქონდა. ამას გვაფიქრებინებს სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შემორჩენილი პილასტრების ფრაგმენტები. სასახლე 3 ოთახისა და დერეფნისაგან შედგებოდა. აქედან ორი – თავისი ბუხრებით, საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მესამე, უფრო დიდი ოთახი – სასახლის მარანი ყოფილა, რომელშიც 9 სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის ქვევრია ჩაფლული. აქედან 4 მთელია. სასახლეს გარედან ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი უშუალოდ ოთახში შედიოდა, მეორე – დერეფანში. ამ ნაგებობაში ცხოვრება ციხის საბოლოო განადგურებამდე უნდა გაგრძელებულიყო.

7. ციხის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული უნდა ყოფილიყო IV ნაგებობაც (11,0 X 9,40 მ), რომელიც მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთის გალავნის კედელთან. ამ ნაგებობისთვის მოედანი, როგორც სხვაგან, კლდოვანი ქანების ჩაჭრის შედეგად მოუმზადებიათ. იატაკი უშუალოდ კლდეზე, ბრტყელი აგურით მოუწყვიათ. ნაგებობის კედლები ძირითადად ბაზალტითა და კირქვით დუღაბზეა ნაგები. იგი ოთხკუთხედის ფორმისაა და ორი ოთახისგან შედგებოდა. ტიხარი ხის უნდა ყოფილიყო. ნაგებობას ერთი კარი ჰქონია, რომელიც ცენტრალურ ქუჩაში გამოდიოდა. ამ ნაგებობაში გამოიკვეთა მშენებლობის სამი პერიოდი: 1) IX-X სს, 2) XII-XIV სს, 3) XVI-XVIII სს.

8. სტრატიგრაფიის დადგენის მხრივ ყველაზე საინტერესოდ ითვლება X ნაგებობა. ყველაზე უკეთ ამ ნაგებობაში გამოიყო სხვადასხვა საცხოვრებელი დონეები და დადასტურდა, რომ ციხე აუგიათ IX ს-ში და იგი XVIII ს-მდე ფუნქციონირებდა. ნაგებობა (20 X 5,40), მდებარეობს ციხის კარიბჭესთან, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედელთან. გალავნის კედელი იმავე დროს ნაგებობის კედელსაც წარმოადგენს. ნაგებობის ძირითადი ნაწილი ნაშენებია ქვიშაქვით დუღაბზე. ნაგებობა ციხის მშენებლობის დასაწყისშივე აუშენებიათ. თავდაპირველად ორი ოთახისგან შედგებოდა. ოთახებს შორი ტიხარი ქვიშაქვით დუღაბზეა ნაგები. ჰქონია ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარი. იატაკი კლდოვან დედარქანზე იყო მოწყობილი და ქვის ყოფილა. მეორე ოთახი საძინებელი უნდა ყოფილიყო. დიდი ოთახი სამეურნეო-სამზარეულო ფუნქციას ასრულებდა. მცირე საძინებელ ოთახში ორი იარუსი იყო მოწყობილი. 1 მ სიმაღლეზე შემორჩენილია მეორე იარუსის იატაკის კოჭებისთვის ბუდეები. დაუდგენელია, თუ საიდან იყო შენობაში შემავალი კარი. 

9. XI ნაგებობა მდებარეობს ციხის ცენტრალური ქუჩის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი ერთოთახიანი იყო. ფართობი – 160 მ². ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული და იატაკი ბრტყელი აგურით ყოფილა მოგებული.

10. უფრო კარგად არის შემორჩენილი XII ნაგებობის (16 X 14 მ) კედლები. იგი XI და IV ნაგებობას შორის მდებარეობს. ოთხკუთხედის ფორმისაა და 6 ოთახისა და დერეფნისგან შედგება. კედლები ნაგებია ბაზალტით, კირქვის დუღაბზე. იატაკი ბრტყელი აგურითაა მოგებული. 


III. დმანისის სიონი

1. დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის (ნაქალაქარის) ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ. ის სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ეკლესიის გარე ზომებია: სიგრძე (დასავლეთის კარიბჭის გარეშე – 23 მ, სიგანე – 20, 5 მ, მარტო შუა ეკლესიისა – 11, 5 მ.). როგორც ყველა სამეკლესიან ბაზილიკაში, შიგნით ნავები ერთმანეთისგან კედლებითაა გათიშული. სამი წაგრძელებული სადგომი ერთმანეთის გვერდით დაკავშირებულია კარებით. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშავებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვებიც. კონცენტრულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. სარკმლები შემოსილია წითელი თირის კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. 

2. თითქმის ზედ სიონის შენობაზეა მიდგმული მაღალი ოთხკუთხა შენობა, რომელიც ორსართულიანი სამრეკლოს ნაშთს წარმოადგენს. მას მრავალჯერ გადაკეთების კვალი ეტყობა.

IV. დმანისის სიონის გვერდით მდებარეობს 1702 წელს აგებული დმანისის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია. სამხრეთის შესასვლელის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვაუწყებს: „ბატონიშვილის მარიამის გამდელმან ისახარ კვალად განვაახლე დაქცეული საყდარი ესე წმიდის მარინისა". ეს ერთნავიანი პატარა სამლოცველოა, ჩვეულებრივი გეგმით (გარედან სწორკუთხედი, შიგნით – ერთი აფსიდი, საბჯენი თაღით ორად გაყოფილი კამარა, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან). უჩვეულოა კედლების წყობა: ქვემო რიგი თითქმის მთლიანად თლილი ქვის მოზრდილი კვადრებისგან შედგება. ზემოთ კი კვადრები უწესო მოხაზულობის ქვებსა და აგურებს ენაცვლება. აქა-იქ ძველი ჩუქურთმები და არაბულწარწერიანი ქვებია ჩართული. აშკარაა, ძველი შენობის მასალას ახალი დაუმატეს და ისე აღადგინეს მთელი ეკლესია. ახლანდელი სახურავი კრამიტისაა, კარნიზი – აგურის, ხერხულა. 

განსაკუთრებულობას სამლოცველოს ფერადოვნება ანიჭებს. პირველი რიგის კვადრები მონაცვლეობით კაშკაშა ფირუზისფერი და კაშკაშა სისხლისფერია; ზემოთ, აგურის წყობაში ჩართული ქვები – კვლავ წითელი და მწვანე, შავი ქვიშისფერი, ყვითელი, სოსანი. ეს ფერადოვნება მწვერვალს აღწევს დასავლეთის სარკმლის გარშემო: აქაც თლილი კვადრები, წითელი, ქვიშისფერი, თამბაქოსფერი, ღვინისფერი, ღია მწვანე-მოცისფრო. ამას ემატება თვით აგურისა და დუღაბის რუხი ფერი.

V. ქალაქში დგას კიდევ ორი პატარა ეკლესიის ნანგრევი. ესენი, თითქოს, უბნის ეკლესიების ნაშთებს წარმოადგენენ. ორივე ქალაქის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივაა გაშენებული. ერთი – ზემოუბნისა, ქალაქის შესავალი ქუჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას, მეორე – ქვემო უბნისა კი დაშორებულია პირველს 250-300 მეტრით ქვევით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ერთნავიანი ეკლესიები საკმაოდ გვიან უნდა იყოს აგებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათ კედლებში ჩაშენებულია ძველი ორნამენტირებული ქვები. ქვემო უბნის ეკლესია სომხური უნდა იყოს, რადგან სამხრეთ კარში ჩაშენებულია სომხური ჯვრებიანი და სომხური წარწერიანი ქვა (აღარ იკითხება). ზემო უბნის ეკლესია კი, თუმცა, მის სამხრეთ კედელშიც არის სომხური ჯვრებიანი ქვა, ქართულია, რადგან, იმ მცირე სასაფლაოზე, რომელიც ამ ეკლესიას ახლავს, ერთი საფლავის ქვა ქართულ წარწერას ატარებს.

VI. ცალკე აღსანიშნავია 200 მეტრის სიგრძის წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი, რომლითაც, ალბათ, ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. გვირაბი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიუყვება მაშავერას ხეობის ქარაფებს წყლის პირამდე. გვირაბის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, ქვედა (უდიდესი) ნაწილი კი დღესაც მშვენივრადაა დაცული, გარდა კიბისა, რომლის საფეხურები ძალიან დაშავებულია. გვირაბი ზედ კლდეზეა მიდგმული. მას დიდი ქვის კედლები აქვს, რომლებსაც ეყრდნობა ისრული კამარა. გარკვეულ მანძილზე გაკეთებულია სარკმლები. გვირაბის სიგანე დაახლოებით 2 მეტრს უდრის, სიმაღლით კაცი შიგ კარგად გაიმართება.

გარეუბანი 

გარეუბანი ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, ფინეზაურის ორივე ნაპირზე. მარცხენა სანაპიროზე ყოფილა სასაფლაოები და სასაფლაოს ეკლესია, ჩანს წისქვილების კვალი; მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული იყო აბანოები.

1.  სასაფლაოები მარცხენა ნაპირის მაღლობზე მდებარეობს. ჯერ მუსულმანურია, ხოლო მისგან 120-130 მეტრის მოშორებით – ქრისტიანული. სასაფლაოს ისეთივე ფართობი უჭირავს, როგორც ქალაქს. ამასთან, მუსულმანური სასაფლაო გაცილებით უფრო დიდია. სამარხების ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება, მცირე ნაწილი – XIII საუკუნეს. ქრისტიანული სამარხები კი (სომხური და ქართული) XII-XIII საუკუნით თარიღდება. გათხრები ადასტურებენ, რომ შუასაუკუნეების სამაროვანი მდებარეობს უძველეს – ჩვ. წ. აღმ-დე VIII-VII საუკუნეების სამაროვანზე (ა. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა).

2.  სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს მცირე ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ეკლესია თევდორეს სახელობის ყოფილა. იგი ახალი გზატკეცილის აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ პატარა დმანისის საზღვართან მდებარეობს. ეკლესია ერთნავიან მცირე ნაგებობას წარმოადგენს. ცხადად ეტყობა არაერთგზის რესტავრაციის კვალი. კედლებში ალაგ-ალაგ უწესრიგოდაა ჩასმული ჩუქურთმიანი ქვები.  


3.  მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გაშენებული იყო აბანოები. ყველაზე უფრო დიდი ზემო აბანოა, რომელიც ახლანდელი პატარა დმანისის საზღვარზე მდებარეობს. შუა აბანო, რომლის დიდი ნაწილი წყალს წაუღია, 150-მდე მეტრით უფრო ქვევითაა. ამ უკანასკნელის მარჯვნივ კი – დანარჩენებზე უკეთ შემონახული ქვემო აბანო. ქვემო აბანო ხუთი ოთახისგან შედგება. ერთი გასახდელია, ოთხი – საბანაო და ერთიც – საღუმელე. შენობა ძირითადად ქვითაა ნაგები. აგური მხოლოდ დამხმარე მოწყობილობისთვისაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან ჰქონდა.


ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი
დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი დმანისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ტაძარი მოქმედია.


 

 


 
var container = document.getElementById('nativeroll_video_cont'); if (container) { var parent = container.parentElement; if (parent) { const wrapper = document.createElement('div'); wrapper.classList.add('js-teasers-wrapper'); parent.insertBefore(wrapper, container.nextSibling); } }

ნანახია: 5506 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz