ალავერდის ღვინის მარანი - 21 სექტემბერში 2010 - ბლოგი - ნახე საქართველო


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:47
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ალავერდის ღვინის მარანი
12:46
ალავერდის ღვინის მარანი

ალავერდის ღვინის მარანი

სტატიის ავტორი ალეკო ცქიტიშვილი.

სტატია ამოღებულია 24 საათის ვებ გვერდიდან

„ამ მარნის რეაბილიტაციით XI-XII საუკუნე გაახალგაზრდავდა და XXI საუკუნე დაბერდა.

წარსული აწმყოს შეუერთდა და მათ შორის არსებული ზღვარი წაიშალა", - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მარნის დასათვალიერებლად მიგვიძღვება. „ღვინის კლუბის" წევრებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან ალავერდის მონასტრის მარანი ყველასთვის ღია არ არის. მისი დათვალიერების კურთხევას პირადად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გასცემს და ცხადია, ამას დამსახურება უნდა. მარნის რეაბილიტაციის ისტორიის სრულყოფილად გადმოცემაც, ყველა სპეციფიკური ნიუანსის გათვალისწინებით, მხოლოდ მეუფეს შეუძლია. მადლობა უფალს, რომ „ღვინის კლუბზე" ეს წყალობაც მოიღო.

„ეს ქვევრი არქეოლოგებმა XII საუკუნით დაათარიღეს მასზე გამოსახული გრაფიკული ორნამენტის მიხედვით", - აგრძელებს მეუფე და XII საუკუნის ოსტატის ნახელავს მოწიწებით ეხება - „დანარჩენი ქვევრებისათვის კირ-დუღაბის გარსი არ შემოგვიხსნია. ღვთის წყალობით, ყველანი დაუზიანებლად ამოვიღეთ და ვამჯობინეთ, ასევე დაგვეტოვებინა ეზოში. ეს ექსპოზიცია მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, განსაკუთრებით - ყველაზე დიდი, ოთხტონიანი ქვევრი. XII საუკუნიდან მოყოლებული, აქ ყველა ასაკის ქვევრს ნახავთ. შეიძლება, ზოგიერთი უფრო ადრინდელიც იყოს. ეს პატარა ქოცო კი 1911 წლით თარიღდება. გვაქვს საკმაოდ უცნაური შემთხვევაც - ასომთავრული წარწერა ქვევრის ყელზე, რაც სპეციალისტებს სხვაგან არსად შეხვედრიათ. ასომთავრული წარწერით, სავარაუდოდ, ქვევრებს ნომრავდნენ".

ალავერდის მონასტრის მარნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის განხორციელება სახელმწიფოს, კერძო კომპანიისა და საპატრიარქოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. სარესტავრაციო სამუშაოები 2005 წელს არქეოლოგიური გათხრებით და ძველი კულტურული ფენების შესწავლით დაიწყო. არქეოლოგიურმა კვლევამ ერთდროულად გამოკვეთა უძველესი მარნის ნაშთებიც და მშენებლობის სამომავლო კონტურებიც. პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა კომპანია „ბადაგონმა" იტვირთა და მშენებლობა, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში დაასრულა. მარანში დაწურული პირველი ღვინო 2006 წლით თარიღდება და შესაბამისი წარწერით მუხის ფრანგულ კასრებში ძველდება. მეუფე დავითი „საფერავის" ამ მცირე პარტიას ალავერდის მონასტრის მარნის დაბადების მოწმობას უწოდებს.

არქეოლოგიური მასალის მიხედვით დადგინდა, რომ ძველ მარანში დაახლოებით 50 ტონა ღვინო იწურებოდა. ამხელა მოცულობის ღვინის წარმოებას თანამედროვე ალავერდის მონასტერი ვერ შეძლებდა. ამიტომ მისი წარმადობა 30 ტონაზე განისაზღვრა, სადაც 10 ტონა ქვევრის ღვინის წილია, 10 - თეთრი ევროპული ღვინისა და ათიც - წითელი ევროპულის. მარანში ნახავთ როგორც თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, ისე ტრადიციულ ქართულ ატრიბუტებს. ამ მხრივ, პროექტის კონცეფციაში ქართული ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის - „ბადაგონის" ხელწერა იგრძნობა. საწნახელს აქ მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატის ფუნქცია აქვს. ყურძენი თანამედროვე მექანიკური საჭყლეტებით იწურება. წვენის დიდი ნაწილი თანამედროვე ცისტერნებში ისხმება და ცნობილი იტალიელი მეღვინის, დონატო ლანატის მეთვალყურეობის ქვეშ ღვინდება.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის მთავარი მიზანი იყო, განახლებული მარანი ამოქმედებულიყო და არ ქცეულიყო მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილ ბუტაფორიულ ობიექტად. არქეოლოგიური მასალა ყველა წესით და რიგით დაფიქსირდა, აღირიცხა და დიდი ნაწილი დაკონსერვდა. მაგალითად, ხელუხლებელი დარჩა ძველი მარნის კედლის ნაშთი, რომლის გასწვრივ მთელ სიგრძეზე დაკონსერვდა უძველესი ქვევრები. მარანში გზადაგზა ფრაგმენტულად, მაგრამ გამოკვეთილი ხაზგასმით შეგხვდებათ ძველი მარნის გამორჩეული ნაშთები. მათ შორის ყველაზე თვალშისაცემია ორტონიანი უძველესი ქვევრი, რომელსაც ზემოდან მინის საფარი ადევს. ქვევრი ქვემოდან ნათურით ნათდება, როდესაც ამ განყოფილებაში სტუმარს უხსნიან, როგორი იყო ძველი ნაგებობა საუკუნეების წინ. იქვე სიგრძეზე ასევე მინის საფარით დაცულია ძველი თიხის მილი, რომლითაც უწინ დაწურული ყურძნის წვენი ქვევრებში ნაწილდებოდა. სწორედ ამ განყოფილებაში ჩადგეს ახალი ქვევრები ძველი, ამორტიზებული ქვევრების ნაცვლად.

„მარნის ეს ნაწილი არის ჩვენი იდეის გული და სული. მონასტერში რომ იყოს ასი ბერი, ალბათ, მთელი მარანი ქვევრებს დაეთმობოდა და ყურძენსაც საწნახელში დავწურავდით, მაგრამ რაკი ვართ ხუთნი, ამიტომ ავირჩიეთ ღვინის კომპანიასთან თანამშრომლობის გზა. ამით ღვინოს არაფერი აკლდება. ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი უძლურებით, ამ საქმეში იმდენ შრომას, რუდუნებასა და მონდომებას ვდებთ. სხვა დანარჩენს ღმერთი აკეთებს. „ბადაგონისა" და ალავერდის მონასტრის მეგობრობით, თანამშრომლობით ძველი ქართული ტრადიციების აღორძინების იდეამ უფრო მოიგო, ვიდრე წააგო. აღდგენილი მარნის კონცეფციით ხაზი გაესვა, რომ ეკლესია ერთდროულად არის ძველის, ტრადიციულის დამცველიც და ახლის გონივრულად მიმღებიც. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ წარსულისა და აწმყოს საუკეთესო შესაძლებლობების შერწყმით ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებთ. ხარისხიანი ღვინის დამზადებას, ნებისმიერ შემთხვევაში, თავდადებული შრომა სჭირდება, სულ ერთია, ევროპულ ტექნოლოგიას გამოიყენებ, თუ ტრადიციულ ქართულ მეთოდებს. აი, ამის უსიტყვოდ მთქმელია ჩვენი მარანი", - გვიხსნის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.

ქვევრებში ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ღვინის დაყენების პროცესს ცნობილი ქართველი სპეციალისტი, პროფესორი თეიმურაზ ღლონტი ხელმძღვანელობს. შეიძლება ითქვას, ალავერდის მონასტრის მარნის ჭერქვეშ ღლონტისა და ლანატის ერთგვარი შეჯიბრი იმართება. რომლის ღვინო უფრო გაუთქვამს მონასტერს სახელს, ეს მას შემდეგ გაირკვევა, როცა ეს ღვინოები ერთმანეთს საერთაშორისო კონკურსებზე გაეჯიბრებიან. ზოგადად, ქვევრის ღვინის პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. ალავერდის მონასტრის ქვევრებში დაყენებული ღვინოც უკვე დააგემოვნეს ევროპელმა სომელიეებმა და მას მაღალი შეფასება მისცეს.

მეუფე დავითი სინანულით აღნიშნავს, რომ ქვევრების განყოფილებაში კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე ქვევრის ჩადგმა წითელი ღვინოებისათვის, მაგრამ მარნის დაგეგმარებისას ანგარიში მონასტრის მწირ ადამიანურ რესურსებს გაუწიეს და ივარაუდეს, რომ 10 ტონაზე მეტი წარმადობა ამ განყოფილებისათვის მეტისმეტი იქნებოდა. ამჟამად აქ მხოლოდ თეთრი კახური ღვინო მზადდება, ძირითადად - რქაწითელისაგან. ეს ღვინო ნატურალურია - ღვინის ინდუსტრიაში გავრცელებული დანამატების გარეშე. „ღვინის კლუბის" წარმომადგენლებმა მარანში ორი სხვადასხვა ქვევრიდან ამოღებული ერთი და იგივე მოსავლის (2009 წ.) ღვინო დავაჭაშნიკეთ. მათი გემოვნური თვისებები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა, მაგრამ ამავე დროს, ორივე მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.

ალავერდის მონასტრის მარნის ინტერიერში ცალკე ოთახი უჭირავს საკონიაკე სპირტების სახდელსა და სპირტის კასრების საცავს. ე. წ. ევროპული ღვინის განყოფილება უნიკალური იტალიური მუხის კასრებით არის აღჭურვილი. კასრების სამაცივრო სისტემაში ტემპერატურული რეჟიმი კომპიუტერული ტვინით რეგულირდება. იქვე არის საჩამომსხმელო ოთახი, რომელიც ერთდროულად ემსახურება, როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს. გვერდით მინის ტარას საწყობია.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ენოთეკას, რომელიც ახალი მარნის ჭერქვეშ, მაგრამ ძველი მარნის საზღვრებს მიღმა, მიწის ქვეშ არის მოწყობილი. ენოთეკა ჯერჯერობით ძალიან დატვირთული არ არის, მაგრამ ცხადია, საუკეთესო ღვინოების მარაგს წლიდან წლამდე შეივსებს.

ალავერდის მონასტრის მარანი ამჟამად ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესისთვის ემზადება. კონგრესს წელს 20 ივნისიდან 27 ივნისამდე საქართველო მასპინძლობს. მასში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეები, ღვინის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი მასშტაბის ღვინის ფორუმი საქართველოში მხოლოდ ერთხელ - 1962 წელს ჩატარდა. შესაბამისად, ქვეყანას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი დიდი ყურადღებით ადგენს მარშრუტებს, რომელსაც სტუმრებს შესთავაზებენ. ალავერდის მონასტრის მარანი ამ მარშრუტში აუცილებლად მოხვდება, რადგან როგორც მეუფე ბრძანებს, საქართველო ამ ისტორიული გარემოთი, მდიდარი ღვინის ტრადიციების დამადასტურებელი ნაგებობით უნდა გახდეს ცნობილი.

კომპანია „ბადაგონი" და ალავერდის მამათა მონასტერი, კულტურის სამინისტროს თანამონაწილეობით, ამჟამად კიდევ ერთ უნიკალურ პროექტზე მუშაობენ. ერთობლივი ძალისხმევით მონასტრის ეზოში სიძველეთსაცავი მოეწყობა, სადაც ძველი საეკლესიო საგანძური და რარიტეტები გამოიფინება. სიძველეთსაცავის მოწყობასა და მარნის რეაბილიტაციაზე „ბადაგონმა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან კურთხევა 2005 წელს მიიღო. ხუთი წლის თავზე კი ორივე პროექტი რეალობად აქცია. პარალელურად, კულტურის სამინისტრო აგრძელებს ალავერდის მონასტრის მასშტაბურ რესტავრაციას. მონასტერი თანდათან იქცევა ქართული კულტურის მძლავრ კერად, რაც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. მართალია, ბოლშევიზმის გაბატონებისა და ეკლესიების განადგურების ეპოქაში დროთა კავშირი დაირღვა, მაგრამ როგორც მეუფე დავითი ბრძანებს, ღვთის ნებით წარსული აწმყოს კვლავ უერთდება.

 



                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 2031 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz