შატილი ( X - XI სს)
ნასოფლარში შემავალი ძეგლები
I. ციხე-სახლები ანუ ქვითკირები II. კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი) III. კალოიანი სახლები IV. საფეხვნო V. სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები) VI. საბძლური, სალუდე
მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია
შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.
ადგილმდებარეობა
სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნის და შატილისწყლის (შატილურა) შესართავთან, არღუნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თბილისიდან 160 კმ-ში, ჩეჩნეთის საზღვართან.
ისტორიული მიმოხილვა, ლეგნდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები
ძეგლი შუა საუკუნისეებად ითვლება, თუმცა მის მიდამოებში ნამოსახლარები ჩვენს ერამდე ორი ათასი წლის იქითა ეპოქას ეკუთვნის. სოფელი ერთბაშად, ერთ-ორ საუკუნეში არ აშენებულა, რაზეც თვით ქვითკირების აღნაგობა და მშენებლობის სხვადასხვა ხარისხი მიუთითებს. ამას ადასტურებს აქაური არქეოლოგიური მონაპოვრები, მიწაში თუ ზედაპირზე შემონახული ნივთები. შატილიდან დასავლეთით, სამასიოდე მეტრში, ძველთაძველ ნასოფლარში, ნაპოვნია ბაზალტის ქვისაგან დამზადებული ასეულობით ოვალური ხელის წისქვილი. სპეციალისტები ასეთი ფორმის ხელის წისქვილებს გვიან ბრინჯაოს ხანის ეპოქას მიაკუთვნებენ. ეს წისქვილები, ზედა და ქვედა, ერთიმეორეზე ჯვარედინად იდებოდა, ერთი ადამიანი დღეში რამდენიმე კილოგრამს თუ დაფქვავდა ქერს, ხორბალს თუ ჭვავს. წყლის მრგვალი წისქვილები შემდეგ იქნა გამოგონებული და საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვის შუა საუკუნეებში დამკვიდრდა და შატილში აქამდე მოაღწია. როგორც ცნობილია, საქართველოს გაერთიანება X საუკუნეში დაიწყო. თამარის მეფობის ეპოქაში საქართველოს საზღვრები, როგორც სამხრეთით ისე ჩრდილოეთით, შორს იყო გადაწეული. ძურძუკთა, ოსთა, ღალღათა, დაღესტნელთა ტომები ძმადნაფიცები თუ ყმადნაფიცები ქართველთა სარწმუნოებრივ, ენობრივ თუ კულტურულ დიდ გავლენას განიცდიდნენ. სწორედ ამ ეპოქაში უნდა გაძლიერებულიყო მუცო-შატილის მესაზღვრე-მენაპირეთა მოსახლეობა. შატილი ისეთ სტრატეგიულ ადგილზეა დაფუძნებული, რომ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კეტავს არღუნის ვიწრო ხეობას. აკონტროლებს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, თუშეთიდან (ნაწილობრივ დაღესტნიდანაც) საქართველოში შემოსაღწევ ბილიკებს და გადმოსასვლელებს. ქვითკირები (კოშკური საცხოვრებლები, კალოიანი სახლები) ერთდროულად პრუტყვის სადგომი, საცხოვრებელი და სათავდაცვო ნაგებობა იყო. შატილის ქვითკირების მშენებლობა XIX საუკუნეში უკვე დასრულებული იყო. შატილში ორი გვარის ხალხი სახლობდა – ჭინჭარაული და ანატორელი. ჭინჭარაულები (თავიდან ჯინჭარაულები) ძველი დასახლებულები იყვნენ. ანატორელები კი შედარებით გვიან – XVIII საუკუნეში. შატილი ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, და ალბათ, საქართველოშიც, სადაც აქამდე შემორჩა სოფლის საერთო თავშეყრის ადგილი – საფიხვნო. საფიხვნო ერთგვარ აღმზრდელობით და მომავალი თაობებისთვის ტრადიციების სწავლების ინსტიტუტსაც წარმოადგენდა. აქ ხელსაქმობდნენ მამაკაცები. ადრე თოფის წამალსაც აქ ამზადებდნენ. წამლის სანაყი ამოღრმავებული ქვა ახლაც დევს საფიხვნოში. წამლის დამზადება ძნელი და რთული იყო. რამდენიმე გასროლა, ერთი სტილი (200 გრ) ერთი ცხვარი ღირდა. შატილზე თავდასასხმელად მიმავალ გარა თურმანაულს კისტნელი ბერი აფრთხილებს: შატილიონები „თავად ძნელი მეთოფენია, ჯვარი ჰყავ დავლათიანი, თავადა ნაყენ წამალსა, ბაკნითა უდგან ტყვიანი". 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და რუსეთთან შეერთებას, შემდგომ რუსების მიერ მთელი საქართველოს ანექსიას ბევრი ამბოხება და აჯანყება მოჰყვა. თავისუფლების დაკარგვას განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ მთიელები. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ქართველ მეფეებს და მის შთამომავლებს. მეფის რუსეთი კი სწორედ მათ ერჩოდა. საქართველოში რომ სამეფო-სამთავროები აღარ აღმდგარიყო, ამისთვის იყენებდნენ გადაგვარებულ, გარუსებულ მოხელე ქართველ თავადებს. მეფე ერეკლე II-ის მრავალრიცხოვანი ჩამომავლები მანდილოსნებითურთ რუსოფილმა ციციანოვმა პირწმინდად გადაასახლა რუსეთის გუბერნიებში. 1812 წელს კახეთი აჯანყდა. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე ჩამოეშველნენ ფშავ-ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ. ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი აქ გაატარა. ვინც მას ეხმარებოდა და ემსახურებოდა, რუსეთი წყალობის სიგელებსაც აძლევდა. ასეთი სიგელები სათანადო დაწესებულებებში ინახება. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. 1813 წლის 13 მაისს რუსის ჯარი სიმონოვიჩის, სტალისა და ორბელიანის მათაურობით ხევსურეთისკენ დაიძრა. 30 მაისს ეს ჯარი პირიქითის პირველ სოფელში ლებასიკარში მივიდა. სიმონოვიჩმა აქედან მისწერა ალექსანდრე ბატონიშვილს დამმორჩილდიო, მაგრამ ელჩი ხევსურებმა მოკლეს. ალექსანდრემ პასუხიც ვერ გასცა წერილზე. სოფელ გუროსთან დიდი შეტაკება მოხდა რუსებსა და ხევსურებს შორის. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთილების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს: რუსები გაუოცებია ამ უცნაური „ველურების" ქცევას. ისინი ფეხზე მდგომები ესროდნენ თითქმის გაუმცდრად, დაჭრილ ჩვენ ჯარისკაცებს მეორედ აღარ ურტყამდნენ და წამოდგომაში ეხმარებოდნენო – წერდნენ მათივე წარმომადგენლები. ალექსანდრე ბატონიშვილი დიდ, გოგოთურათ ქვითკირში ცხოვრობდა. „...და ბოლოს უკვე ძალიან გვიან მივაწიეთ შატილს და ღამის სათევად გავჩერდით იმ ქვითკირში, რომელშიც ჩვენს მიერ კახეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ საქართველოს ტახტის დაბრუნებისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა და გამოქცეულმა საქართველოს მეფისწულმა, ალექსანდრე ირაკლის ძემ გაატარა 1812 წლის მთელი ზამთარი" - წერს ა. ზისერმანი. გუროსთან შეტაკების შემდეგ რუსებმა გურო და შემდეგ შატილი გადაწვეს და ააოხრეს. შატილის ქვითკირებს ახლაც კარგად ემჩნევა მოწითალო-მოყავისფროდ მაშინდელი ნახანძრალი. 1843 წელს იმამ შამილმა გადაწყვიტა, რომ არღუნის ხეობიდან არაგვის აუზის გავლით საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. 1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს. შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. „60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი მაჰმადის 5000 ურჯულო თავდამსხმელისგან. მოკლეს ის თვითონ და 100 კაცი თანამებრძოლი. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს" – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ „კავკაზში". ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს. 6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: „უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა". ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები. ორიოდე საუკუნეში შატილში და მთელ ხევსურეთშიც მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. 1873 წ. ხევსურთა რაოდენობა 5300 სჭარბობდა. ამ დროისთვის შატილის საზოგადოებაში (ხუთი სოფელი) 524 სულია. შატილში 38 კომლია. 1898 წელს შატილში 50 კომლია. 1903 წ. მთელ ხევსურეთში 6560 სული ყოფილა. დასახლებული იყო 30 სოფელზე მეტი. მათ შორის შატილის მხარის ყველა სოფელი სადედოფლოა. XX საუკუნის 20-იან წლებში ქვითკირებიდან, სადაც სივიწროვე იგრძნობოდა, მდინარე შატილურას ნაპირზე, ჭალაში რამდენიმე ოჯახი ჩასახლდა და ორსართულიანი, ბარულს მიმსგავსებული აივნიანი, ჩუქურთმიანი ბინები აიშენა. ასე შეიქმნა ახალი დასახლებული უბანი - „ჭალა". 1950-იან წლების დასაწყისში მთიანი რეგიონებიდან ბარის მიწების ასათვისებლად და მთიანი რაიონების მოსახლეობის დასასაქმებლად ე.წ. „გეგმური" გადასახლება მოხდა. ამან გამოიწვია ძნელად მისადგომი კუთხეების (დასახლებების) მოშლა და გაუკაცრიელება. ეს პროცესი სამშობლოს ღალატად აღიქმება, რადგან მოიშალა უნიკალური კუთხური ხალხური სამეურნეო, საყოფაცხოვრებო ადათწესები თუ ჩვეულებები. ბარში ჩამოსახლებული ბევრი ახალგაზრდა თუ მოხუცი ხევსური პირდაპირ მისტიროდა თავის მამაპაპათა ნასახლარებსა და საფლავებს. XX საუკუნის 60-იან წლებში შატილში რამდენიმე ოჯახიღა დარჩა, რამდენიმე ათეული სულით. ამჟამად 15-მდე ოჯახია 50 სულით. 1980-იან წლებში აქ ახალი კეთილმოწყობილი ბინებიც აშენდა (11 სახლი). რამდენიმე წლის წინ ძველი შატილის რესტავრაციაც (არასრული) ჩატარდა. მაგრამ ზამთარში მძიმე პირობების გამო (ვერტმფრენი თვეში ერთხელ ან არის, ან არა), შატილი და განსაკუთრებით შორეული სოფლები ხახაბო, ანდაქი, არჭიილო (იქ სამანქანე გზა ზაფხულობითაც არ არის) მოსახლეობისგან დაიცალა, ხალხის მთაში დაბრუნების იმედი კი უკვე აღარ არის.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საინტერესო ამბავი რომლის მსგავსი შატილის გარდა არსად მომხდარა ხევსურეთში:
ორი შატილიონი ახალგაზრდა წინასწარ ყოფილან შეჯიბრებული: მდევარში მე და მე გაჯობებო. ერთხელაც ქისტებს წაუსხამთ პირუტყვი. მდევარში სხვადასხვა ადგილიდან წასულან დაჯიბრებული ახალგაზრდები: მოკლია და ჯავახა. პირველები დასწევიან პირუტყვის გამტაცებლებს. ერთი ქისტისთვის თოფიც დაუკრავთ. მაგრამ მაშინ წესად ყოფილა, რომ შორიდან ნატყვიარისთვის ცივი იარაღითაც უნდა მიეყენებინათ ჭრილობა. ჯავახა მერე ყვებოდა თურმე: მოკლიამ ერთის მოქნევით დამასწრო და მერე სისხლიანი ხმალი ბალახებზე გაწმინდაო. ამ დროს მოკლიასთვის ქისტებსაც დაუკრავთ თოფი. ჯავახას ზურგზე მოუკიდებია მოკლია და ისე გამოუცილებია საომრიდან. სხვა შატილელებიც მიხმარებიან და პირუტყვი დაუბრუნებიათ. სასიკვდილოთ დაჭრილი მოკლია შატილში მოუყვანიათ. სახლში მას დახვედრია ის სწროფერი ქალიშვილი, რომელმაც მოკლიას „ხმის გატეხა" აცნობა. ეს ქალიშვილი კარგი მოტირალი ყოფილა და მოკლია შეხვეწნია სიცოცხლის წუთებიღა დამრჩა და მინდა გავიგონო როგორ დამიტირებო. უუარია თამარს : „ცოცხლის დატირება ვის გაუგიაო". „ჩემი ცოდო გქონდეს, თუ არ დამიტიროო", - დაუძალებია მოკლიას. ასე დაუტირია თამარს: „საყურიკათით მადის გმინიო, წუხად ჰყავ კმარუიას შვილიო, ურჩო უჭირსა ნატყვიარიო, მოკლიას ამაუდის სულიო... მდევართ წინ რად მიღმეტდებოდიო, „დედისერთა ვარ", რადარ სთქვიდიო, მიშველაობით ვინ იძახდაო, ქალ-ზალიც არ მოუდიოდაო?! მე გიყავ ძაღლმა, კუდიანმაო, გამაგაღვიძე მძინარაიო".
შატილში დაკანონებულ წესად არსებობდა პირველ რიგში ქვრივ-ობოლთა, მოხუცთა და გაჭირვებულთა მიხმარება. საფიხვნოში რიგითობას გადაწყვეტდნენ და ახალგაზრდები შეასრულებდნენ. ერთ გაზაფხულზეც ასე მოხდა. მეზობელი გუროელების საზღვართან დაიწყეს შეშის დამზადება ახალგაზრდებმა. არღუნის გაღმა მხარეს ძნას ლეწავდნენ გუროელები. შატილიონები სიმღერით შეუდგნენ საქმიანობას. გაოცდნენ გუროელები. მათ იცოდნენ, თუ რა ამბები ტრიალებდა შატილის თითქმის ყველა ოჯახში. ამდენი სიკვდილიანობისას სიმღერა წარმოუდგენელი იყო. წყალგაღმიდან გამოსძახეს: „ხომ არ გაგიჟდით, რა გამღერებთო?!" სიკვდილის დასაშინებლად ვმღერითო - უპასუხეს გამოღმიდან შაიტილივნებმა, - რაც სიმღერა დავიწყეთ, შეწყდა სიკვდილიანობა, გლოვის დროს უფრო მეტს გვკლავდა სიკვდილიო.
არქიტექტურული აღწერა
გეგმარება
ძირითადი სამშენებლო მასალაა ნატეხი ქვა, რიყის ქვა და ფიქალი. ნაგებობები არასტანდარტული და ერთმანეთისგან განსხვავებულია. სოფელს მცირე ფართი (დაახლოებით 1 ჰა) უკავია. შატილში ძირითად შენობებს ქვითკირები, კოშკური სახლები და კალიოანი სახლები წარმოადგენს. ქვითკირები შიგნიდან და გარედან დახუნძლული იყო ნაირგვარი ქვის და ხის კიბეებით, წინგარდებით, ბანიკებით, ღია თუ დახურული აივნებით, გადასასვლელ-გადმოსასვლელებით. შატილი ერთ მთლიან ქვა-ციხეს წარმოადგენდა. არღუნის პირას პირველ სახლში შესული ადამიანი ოჯახ-ოჯახ სოფლის თავში ისე ავიდოდა, რომ გარედან თვალს ვერავინ მოჰკრავდა. ქვითკირები მიჯრით მიშენებულია ერთმანეთს. ბევრგან ერთი კედელი მეორეს საფუძველია. გაოცებას იწვევს შატილის გეგმაზომიერი, აზრიანი მშენებლობა. თავდაპირველად მშენებლობა დაწყებული ჩანს მიუვალ კლდეზე. ამ ნაწილს „ქავი" ეწოდება, რაც ციხეს, კარგად დაცულ სიმაგრეს, ციტადელს ნიშნავს. ქავში აშენებულ ამ პირვანდელ ქვითკირებს სათოფურები არა აქვს, რაც ჭარბად შეინიშნება შედარებით გვიან XVII-XVIII სს-ში აშენებულებში. ეს ცეცხლსასროლი იარაღის შემოსავლამდე და მის შემოსვლის პერიოდებზე მიანიშნებს. ადვილად მისასვლელი ქვითკირების უმეტესობას მეოთხე სართულზე აქვს ჩარდახები, რაც პირველი სართულის კარებს იცავდა. ამ ჩარდახებიდან მომხდურ-მოძალადის მოგერიება ქვებითაც შეიძლებოდა. შატილში მეზობელი ქვითკირების კარები და სარკმელები ერთიმეორეს უყურებს, იცავს და აკონტროლებს. ერთი ქვითკირის პატრონი თავის სამყოფელსაც იცავდა და მეზობლისასაც. ქვითკირები ერთმანეთს ისე იყო მიჯრით მიბჯენილი, რომ ერთი ხმამაღალი დაძახება მთელს სოფელში ისმოდა. ერთი-მეორის გაფრთხილება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ქვითკირების უმეტესობა ოთხსართულიანია, რამდენიმე ხუთსართულიანი (კოშკური საცხოვრებელი) და ათამდე - სამსართულიანი (კალოიანი სახლი). ცეცხლი კერიებში ენთო. იატაკიც და ჭერიც ფიქალის სიპებით საიმედოდ იყო დაცული ცეცხლისგან. შატილს მარცხენა მხარეს თითქმის მიუვალი 60-80 მ სიმაღლის კლდე გასდევს. მარჯვენა მხარეს წყლიდან თავამდე ორი მეტრი სიგანისა და ხუთი მეტრი სიმაღლის მკვიდრი ქვითკირის გალავანი ერტყა. „ქვითკირნი კირით ნალესნი ქავს მაივლევენ ქვისასა". გალავანს მუხისგან დამზადებული ორი დიდი კარი ჰქონდა და შიგნიდან სამი ურდულით იკეტებოდა. ძველი ციხე-ქალაქი შატილი ოთხი უბნისგან შედგებოდა: ზენაუბანი, შუა სოფელი (ქავი), ქვენაუბანი და ანატორელთკარი. სოფელს შუაზე 2-3 მეტრის სიგანის ქუჩა ჩაუდიოდა. უმეტესად პირუტყვის სამოძრაოდ. ქუჩას „ინგური" ერქვა. ის ერთგვარ სანიაღვრე შარასაც წარმოადგენდა და ქალები კვირაში ერთხელ მაინც ასუფთავებდნენ.
I. ციხე-სახლი ანუ ქვითკირი: ქვითკირის ერთ მთლიან მოცულობაში მოქცეულია გომური, საცხოვრებელი და თავდაცვითი სართულები. I სართული გომურია, II სართული საცხვარე, III და IV სართულები - საცხოვრებელი, ხოლო ბოლო, V სართული - თავდაცვითი დანიშნულებისა. სართულების ერთმანეთს ჭერში გაჭრილი კვადრატული ხვრელებით უკავშირდება. საცხოვრებელ სართულზე (ფართობი 50 კვ. მ.) მოწყობილი იყო კერა, იდგა ოჯახის უფროსის სავარძელი, გრძელი ზურგიანი სკამი და გეომეტრიული ჩუქურთმით შემკული ავეჯი. სასინათლო ან საკვამლე სარკმელთან ახლოსაა ოთახის კუთხესთან. კერის ზემოთ ჩამოკიდებულია საქვაბე ჯაჭვის მოწყობილობა. კერის ზემოთ გადახურვის კოჭები ცეცხლისგან დაცულია ფიქლის დიდი ფილებით. თავდაცვითი სართულის ოთხივე კედელში სათოფურებია მოწყობილი. ამ სართულს ზაფხულობით საძილედაც იყენებდნენ. შენობის გადახურვა ბრტყელია - ბანიანი. ზედა სართულს, გარდა ამისა, ყოველ მხარეს თითო ან ორ-ორი ე.წ. ჩარდახი ანუ მაშიკულები აქვს.
II. კოშკური საცხოვრებელი: იგივენაირია როგორც ციხე-სახლი, იმ განსხვავებით რომ უფრო მაღალია. შატილში ქვითკირები უფრო მეტია ვიდრე კოშკური საცხოვრებლები.
III. კალოიანი სახლი: სოფელში ასევე რამდენიმე კალოიანი სახლია. მთის ფერდობზე მიშენებული, ზურგით მიწაში შეჭრილი სამსართულიანი კალოიანი სახლის I სართული, რომელსაც სახლს უწოდებენ, ადამიანთა საცხოვრებელი და პირუტყვის სადგომიცაა. დაწნული კედლით ერთმანეთისგან გამოყოფილია საძროხე, კერა-საცხოვრებელი და პროდუქტის დასამზადებელი ნაწილი. II სართული ანუ ჭერხო მამაკაცთა სადგომიცაა და პროდუქტის შესანახიც. III სართული ბანია, ბანის უკან პურის სალეწი გადახურული კალოა. აქვეა ნივთების, საჭურვლისა და იარაღის შესანახი ფარდული.
IV. საფეხვნო არის დაახლოებით 20 კვ.მ. ფართობის გადახურული, წინა მხრიდან ღია, ქვის სკამებიანი შენობა.
V. საფეხვნოსთან ახლოს ე.წ. სამრევლოა, თითოოთახიანი, პატარ-პატარა შენობების ჯგუფი, განკუთვნილი მხოლოდ ქალთათვის, სადაც ქალები გარკვეული დროით ბინავდებოდნენ, ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ პერიოდში.
VI. სამრევლოსთანვეა საბძლური, ერთსართულიანი, ორფერდასახურავიანი სადგომი საქონლისათვის და სალუდე
ტელ: 551 844 644
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: mindia.tsiklauri
ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|