მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 10:31
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი
12:58
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

(VI ს.)


ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.
აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე არსდება.
აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა. მან სპარსელთა ღმერთი - ცეცხლი შეურაცხყო: - "დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა". მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ განარისხა სპარსელები. მათ შეიპყრეს აბიბოსი და მიჰგვარეს მარზპანს, მაგრამ იგი არც მარზპანს შეუშინდა, რისთვისაც "ქვით განტვნეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა".
ნეკრესელი მღვდელმთავრის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ გარკვეული როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებისა და სამწყსოს გაზრდის საქმეში: გარდა ამისა, აბიბოს ნეკრესელის დამსახურება იმაშიც მდგომარეობს, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მთიანეთის მოსახლეობის ქრისტიანებად მოქცევაში. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერია. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხალხი იკრიბება, ლოცვა აღევლინება და წმიდა აბიბოსს მეოხებას სთხოვენ.
მომდევნო საუკუნის მანძილზე ნეკრესის ეპარქია საკმაოდ ძლიერი ფეოდალური ერთეული იყო და დიდმნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამხედრო-პოლიტიკურ, თუ სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებაში.
განსაკუთრებით ნაყოფიერია ნეკრესელ მღვდელმთავართა მოღვაწეობა XVIII საუკუნის ორმოციანი წლებიდან ვიდრე ეპარქიის გაუქმებამდე. (1811 წ.) თვალსაჩინო ღვთისმეტყველნი, დიდი საზოგადო მოღვაწენი იოანე ჯორჯაძე, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი და ამბროსი მიქაძე ენერგიულად მოქმედებდნენ სამწყსოს საკეთილდღეოდ და შეძლებისდაგვარად იღვწოდნენ ქათული მწერლობის სარბიელზე.
სადღეისოდ, ეს დიდი და მნიშვნელოვანი სასულიერო -საგანმანათლებლო კერა საინტერესოა პირველ რიგში იმ უნიკალური და მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც მრავლადაა შემორჩენილი მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსი შეიცავს ადრეუ IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.ძველი წყაროების მიხედვით ნეკრესი ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინარე ხანაში. ისტორიკოსთა ცნობით, ქალაქი დააარსა მეფე ფარნაჯომ, რომელიც მეფობდა 112-93 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე - "(ფარნაჯომ)იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". ქალაქ ნეკრესის გაშენიანების შემდეგ ეტაპად, მემატიანეს ცნობით, შეიძლება ჩაითვალოს მეფე არშაკ მირვანის ძის მეფობის ხანა, ე. ი. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელი საუკუნე. "ქართლის ცხოვრების" ცნობითვე მეფე მირიანის დროს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მისმა მამამძუძემ მირვანოზმა განამტკიცა ქალაქის ზღუდენი: "მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მომტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი".
ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ესადაგება თუ არა ისტორიულ დოკუმენტებში არაერთგზის მოხსენებული ქალაქი ნეკრესი აწ არსებულ ქრისტიანულ კერას, თუმცაღა მათი იდენტიფიკაცია სავსებით დასაშვები და მისაღებია, მით უფრო, რომ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: "(ნეკრესში) არს აწცა საეპისკოპოზო და ზის ეპისკოფოზი, არამედ არღარაა ქალაქი".
ნეკრესის მონასტერში მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად აღიარების პირველივე წლებთან. სწორედ ამ პერიოდში, აწინდელი კომპლექსის ცენტრში, ააგეს მცირე ზომის მინიატურული სამლოცველო. თუმცა იგი სიმცირის, მრავალი გადაკეთბისა და თავისი უჩვეულო სილუეტის წყალობით მოკლებულია იმ იმპოზანტურობასა და მომხიბვლელობას, რომელიც შემატა მონასტერს შემდგომმა განაშენიანებამ, მისი მნიშვნელობა უდაოა. უპირველეს ყოვლისა იგი თავისთავად მთელი მომდევნო განაშენიანების საწყისს, ბირთვს წარმოადგენს და სწორედ მისგან წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით მონასტრის შემდგომი ზრდა.
მემატიანეს ცბობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IV საუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან.
ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2 , მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულვებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.
ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.
ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება.
მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება.
მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა მანძილზე საგრძნობი ცვლილებებიც განიცადა.
ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.
განაშენიანების მეორე ეტაპი მონასტერში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების პირველ აღმავლობას ემთხვევა (VI-VII სს.) ეს პერიოდია, როცა უკვე ჩამოყალიბდა ქრისტიანული არქიტექტურის გარკვეული მხატვრულ-სტილისტიკური სახე, როცა გამძლავრდა სამშენებლო ტრადიციები, გაძლიერდა და წელში გაიმართა ეკლესიაც, რომელიც 553 წ. კონსტანტინეპოლში მოწვეული საეკლესიო კრების შედეგად განიწმინდა მონოფიზიტთა, ნესტორიანელთა და სხვათა მოძღვრებისაგან და იზეიმა მართლმადიდებლობის გამარჯვება.
რწმენის განწმენდამ და დაკონკრეტებამ ხელი შეუწყო საკულტო ხუროთმოძღვრების მეტ განვითარებასაც.
სწორედ ამ მძლავრი აღმავლობის პერიოდში, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე სამლოცველოს აღმოსავლეთით აგებულ იქნა მონასტრის მთავარი ტაძარი, რომელიც წარმოადგენს სრულიად თვითმყოფად და მხოლოდ ქართველათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ტიპს - სამეკლესიან ბაზილიკას. ინარჩუნებს რა გარედან ბაზილიკურ სილუეტს, იგი ინტერიერში განსხვავებულია: თითოეული ნავი ყრუ კედლით არის გამოყოფლი და დამოუკიდებელი "ეკლესიის" სახეს იღებს. ამ ორიგინალური ტიპის წარმოშობა დაკავშირებული იყო დღის განმავლობაში რამოდენიმე წირვის გადახდის საჭიროებასთან, რაც წესისამებრ ცალკე საკურთხეველს ითხოვდა.
ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს დასავლეთ ფასადძე გამოკვეტილი ჯვარი წარმოადგენს, აღმოსავლეთ ფასადზე კი, იმავე შირიმის წარბი სარკმლის თავზე.
ინტერიერში მთავარი ეკლესია ღრმა საკურთხევლით სრულდება. მის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორუმებია განთავსებული (სამსხვერპლო და სადიაკვნე), ხოლო მათ გაგრძელებაზე, სიმეტრიულად, აპსიდებით დასრულებული გვერდითი "ეკლესიებია" მოცემული, რომლებიც გაერთიანებულია დასავლეთ მინაშენით. ამგვარად ცენტრალური ეკლესიის ირგვლივ სამმხრივი გარშემოსავლელი იქნება. გარშემოსავლელის სამხრეთი და ჩრდილოეთი კედელი ეზოსკენ გახსნილი იყო მრგვალ სვეტზე დაფუძნებლი ორთაღედით.
მოგვიანებით, სამხრეთის ორთაღედი შეუვსიათ წყობით, ასევე ამოქოლეს მთავარ ეკლესიაში გამავალი სამხრეთის კარი. ჩრდილოეთის ეკლესია კი თითქმის მთლიანადაა ჩამონგრეული.
ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და ამ ტიპის ეკლესიათა ჩამოყალიებულ, კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში.
აქ დაცულია ქართული და ნაწილობრივ ბერძნული ფრესკული წარწერები. ამ ეკლესიის სამხერთ კედლის დასავლეთ ნაწილში მხატვრობის დამკვეთნი, მეფე ლეონ (1520-1574 წწ.) და მისი მეუღლე თინათინი არიან გამოსახულნი.
შემდგომი ნაშენებისდა მიუხედავად ბაზილიკამ შეინარჩუნა მონასტრის მთავარი ტაძრის სახელი და მნიშვნელობა. XVI საუკუნის 80-იან წლებში მონასტერს რუსი ელჩები ეწვივნენ. თავის ნუსხებში, მონასტერში დაცულ სიძველეთა აღწერისას ისინი ხაზგასმით აღნიშავდნენ, რომ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მთავარი ტაძარია მონასტრისა და სწორედ მასშია დაცული მათ მიერ აღწერილი მთელი რიგი ძვირფასი ხატებისა
გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობდა მონასტერში VIII-IX საუკუნეებში, ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ეგრეთწოდებულ გარდამავალ პერიოდში. ამ დროს კომპლექსს ჩრდილო-დასავლეთიდან დაემატა გუმბათიანი ეკლესია (IX ს.) რომლის პროპორციებში, (გარედან გუმბათის ყელის ბრტყელი ნიშებით დამუშავება, შვერილი საკურთხევლის თავისებური გაფორმება) და თავისებურ გადაწყვეტაში ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშნები იჩენს თავს.
ეკლესია მსგავსად ამ კომპლექსის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით, კონსტრუციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. სახურავი კრამიტისაა. გეგმით იგი უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის გუმბათიანი ეკლესია, რომლის კომპოზიციაში სამეკლესიანი ბაზილიკის ელემენტები გამოყენებული. ეკლესია თითქოს სხვადასხვა ნაწილებისაგან არის შედგენილი. მშენებლობის თვალსაზრისითაც ეს ნაწილები მიშენებულია ერთმანეთთან. მთავარი ბირთვი ნაგებობისა არის მცირე ზომის გუმბათქვეშა კვადრატი, რომელსაც მაღალი გუმბათი ასრულებს. აღმოსავლეთიდან მას მიშენებული აქვს ხუთწახნაგა საკურთხეველი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან ვიწრო გარშემოსავლელი. ამ უკანასკელის სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილები აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ეკლესია სრულიად გაუნათებელია და ბნელი, ვიწრო დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს, არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესიის ეს ნაწილი დაკრძალვამდე ბერების ცხედართა დასასვენებლად იყო განკუთვნილი.
ნეკრესის გუმბათიანი ეკლესია მონასტრის მნიშვნელოვანი ვერტიკალია ( კოშკის შემდეგ ). განთავსებულია რა კომპლექსის დასავლეთ ნაწილში, იგი აღიქმება როგორც ანსამბლის კომპოზიციის დამასრულებელი წერტილი.
დაახლოებით ამავე დროს, გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე, რომლის სამხრეთის ფასადის ორივე სართულზე გაჭრილი მაღალი თაღოვანი სარკმელებიდან იშლება ალაზნის ველის შესანიშნავი ჰანორამა.
სასახლის ოთახები ანფილადური წესით არის განლაგებული; პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები. მოგვიანებით, ამ სვეტის ორივე მხარეს, კედელი ჩაუშენებიათ. სასახლის დარბაზში უამრავი ნიში და უზარმაზარი ბუხრებია მოწყობილი. გადახურვა ბრტყელი უნდა ყოფილიყო და სრულდებოდა ორკალთიანი სახურავით.
სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის შემდეგ ამავე ჭერძე მოქცეულია მცირე დამხარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულია. მარნის შემდეგ იმავე ღერძე მოქცეულია მცირე დამხმარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულად არის განთავსებული რიგი სათავსოებისა პირველ ზედა სართულში განლაგებულია ოთახები კამაროვანი გადახურვით (შემსაძლოა ბერთა საერთო საცხოვრებელი), ქვედა სართულში კი, რამდენიმე ცალკეული სენაკია.
ნახსენები მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხასართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. მხოლოდ ქვედა, ძალიან მაღალ სართულზე (სასახლის ორივე სართულის სიმაღლეზე ) აქვს კამაროვანი გადახურვა. კოშკის ოთხივე კდელს, ზედა სართულზე ფართო თაღოვანი სარკმლები დაუყვება.
კოშკი ანსამბლის მთავარი ვერტიკალური დომინანტია. შეიჭრა რა მოგვიანებით ამ ვიწრო განაშენიანებაში, მან არამც თუ არ დაარღვია მისი კომპოზიციური ერთიანობა, პირიქით, მეტი მთლიანობა და იმპოზანტობა შესძინა ანსამბლს. გარდა ამისა მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით იგი თავის დროის თავდაცვით ნაგებობათა საინტერესო და ნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ნეკრესის მონასტერის ტერიტორიაზე შედარებით უკვე შემონახულ გვიანი ხანის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონდე ნაგებობათა შორის ყურადღებას იპყრობს საკმაოდ დიდი ზომის სწორკუთხა შენობა კედლის თაღების რიგით, განლაგებული გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მკვლევართა აზრით სატრაპეზოს წარმოადგენდა.
ანსაბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოველო შეემატა.
ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა მანძილე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს, რომელთა შემოსევები XIX საუკუნის შუა წლებამდეც კი გაგრძელდა. XX საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით 1940-50 წლებში კომპლექსზე მიმდინარეობდა დაცვითი-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. სადღეისოდ სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლზე განახლდა.
მონასტრის მყუდრო, თვალისგან მოფარებულ ადგილას არის აგებული. სამაგიეროდ იქიდან ხელისგულივით იშლება ალაზნის ველის ვრცელი შესანიშნავი პანორამა. მის ასეთი მდებარეობა არ მარტო ესთეტურადაა მომხიბვლელი, არამედ მოხერხებულიც უნდა ყოფილიყო. ამიტომაც არ განელებულა იქ მშენებლობა მრავალი საუკუნის მანძილზე, დაწყებული IV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე.

მონასტრის შენება დღევანდელი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყეს, შემდეგ VIII-IX საუკუნეებში მშენებლობამ დასავლეთით გადაინაცვლა. საბოლოოდ კი, მრავალი ოსტატის მეცადინეობით, მონასტერი ცხოველხატულ, სხვადასხა დროისა და ტიპის ნაგებობათა მშვენიერ შეკავშირებად იქცა. ერთიანი საშენი მასალა და მშენებლობის ტექნიკა, კახეთისათვის ჩვეული შირიმისა და რიყის ქვის გამოყენებით, განუმეორებელად მიმზიდველს ხდის მონასტერს და იმ სიმშენიერეს ანიჭებს, რომლის მატარებელი მხოლოდ მაღალმხატვრული ღირსებების მქონდე ძეგლები შეიძლება იყოს.



 


 



                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)



ნანახია: 4153 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz