მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 05:49
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ბოდბის სამონასტრო კომმპლექსი
13:45
ბოდბის სამონასტრო კომმპლექსი

ბოდბის სამონასტრო კომმპლექსი

(VIII-IX სს )


კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, სამონასტრო ნაგებობები.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული.
ბარონ დე ბაიმ (ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო), ფრანგმა არქეოლოგმა და მოგზაურმა XIX დასასრულს მოინახულა ბოდბე. იგი აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, კერძოდ შამპანში, სადაც მდებარეობს დე ბაის საგვარეულო ციხე-დარბაზი, მრავლადაა `ქრისტიანი ქალის~ სახელზე აგებული ეკლესია. ბარონ დე ბაის გამოკვლევით `ქრისტიანი ქალი~ და წმინდა ნინო ერთი და იგივე პირია.
მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგან (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) `წმინდა ნინოს წყაროს~ ეძახიან. ამ წყაროს ამბობენ, რომ ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.


ადგილმდებარეობა

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.

ისტორიული მიმოხილვა

წერილობით წყაროებში სხვადახსვაგვარად მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტი – ბოდო, ბუდი, ბოდისი, ბოდისი, ბოდინო, სადაც აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინო – მკლევართა უმრავლესობის აზრით არის ის ადგილი, სადაც ამჟამად მდებარეობს ბოდბის მონასტერი. ცნობები წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე პირველი ეკლესიის მშენობლობის შესახებ დაცულია ქართულ წერილობით წყაროებში, მართალია, აქ ნაგებობის არქიტექტურული სახის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ წარმოდგენილია მეტად ძვირფასი მასალა შენობის არსის და მისი მნიშვნელობის გაგებისათვის. `მოქცევაი ქართლისაი~ მიხედვით წმინდანის საფლავი მიწის ქვეშაა მოქცეული, ეკლესია ააგეს უშუალოდ საფლავზე. საინტერესოა ნაწყვეტი მეფე მირიანის ანდერძიდან, რომელშიც მხოლოდ ბოდბე და წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილი არ იგულისხმება, არამედ გარკვეული მხარე, რომლის ერთ-ერთ ცენტრსაც იგი წარმოადგენდა. წმ. ნინოს დაკრძალვის ერთ-ერთი გვიანდელი ვერსია, რომელიც არსენ ბერს ეკუთვნის (XII საუკუნის II ნახევარი) მოგვითხრობს, რომ მეფე მირიანმა წმინდანის დაკრძლვის ადგილზე: ` ... აღაშენა ზედა ლუსკუმასსა მისსა მეფემან ტაძარი, ფრიად შუენიერი, და განაჩინა საეპისკოპოსოდ. და მიერითგან აქამომდე სასწაულნი და ნიშნი ურიცხუნი აღესრულებიან ნაწილთაგან მისთა წმიდათა სადიდებლად მამისა და ძისა და წმიდასა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე~.
მაშასადამე XII საუკუნეში ბოდბეში ნამდვილად იყო საეპისკოპოსო კათედრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ადრინდელ ხანაში იგი არ არსებობდა. საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ბოდბის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალის ეპოქაში უკვე არსებობდა. აქაურ ეპისკოპოსს მონაწილეობა მიუღია 506 წელს დვინში გამართულ ქართულ-სომხურ-ალბანური ეკლესიების გაერთიანებულ კრებაში. ბოდბის საეპისკოპოსოს დიდი მნიშვნელობა ჩანს XIII საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტიდან (`განგება დარბაზობისა~), სადაც 35 ეპისკოპოსთა რიგში ქისიყელი (იგივე ბოდბელი) მეშვიდე ადგილზეა მოხსენიებული, ალავერდელსა და კუმურდოელს შორის, რაც დიდ პატივს ნიშნავს.
XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. 1492 წელს აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი; 1605 წელს – თეიმურაზ პირველი.
ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან კახეთში საერისთავოები გაუქმდა და მსხვილ ფეოდალურ ერთეულებად მხოლოდ საეპისკოპოსოები დარჩა. სამეფო კარის გადაწყვეტილებით სამხედრო ორგანიზაციის საქმე ეპისკოპოსებს მიენდო. კახეთი დაიყო ოთხ სადროშოდ, მათ შორის პირველი ადგილი ბოდბელს ეკავა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: `... არიან სადროშონი მისნი კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა პატივისათვს წმიდისა ნინოსა~. ეპისკოპოსი თავად მიუძღვოდა ლაშქარს, მას თან ახლდა ჯვარისმტვირთელი, რომელსაც ხელთ ეპყრა დროშა. გვიანი შუა საუკუნეების საისტორიო წყაროები საყურადღებოა ბოდბის ტაძრის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს შენობის დაზიანების ამბავს. იგი კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის მიერაა შედგენილი 1631 წელს. მეფემ განაახლა ადრე ნაბოძები წყალობის სიგელი, სადაც აღნიშნულია, რომ გარდა ლაშქარ-ნადირობისა, არაფერს ითხოვს ტაძრის კუთვნილი მამულებიდან. 1635 წელს თეიმურაზ I მოსკოვში აგზავნის თავის წარმომადგენლებს. მის წერილში, სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ `რუსეთიდან საქართველოში მოვლენილი ელჩი ხვა სიწმინდეებტან ერთად მოინახულებს ბოდბის ტაძარში დასვენებულ წმ. ნინოს წმინდა ნაწილებს~. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილი, თავის აღწერაში მოიხსენიებს ქედელა, ხოლო შემდეგ: `ქ.წ(მიდ)ა ნინო ბოდბლის სა(სა)ხლე და სადაც ეკკლესია წმ(იდ)ა ნინოსი და მუნ ასვენია~. გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გიუნდედშტედმა ბოდბის ტაძარი მოინახულა 1772 წელს. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ბოდბეში `მიიცვალა წმიდა ნინო და დაეფლა აქავე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კ-ე მეფემან ბაქარ~. როგორც ვხედავთ. მეცნიერი ბატონიშვილი მირიანის ძეს ბაქარს მიაწერს წმ. ნინოს საფლავზე ეკლესიის აგებას. შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ ბაქარმა თავის დროზე რაღაც შემატა მამის აგებულ ეკლესიას. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.
XVIII საუკუნეში ბოდბე დიდძალი მამულების მფლობელია. 1777 წელს ერეკლე II ბრძანებით მას გადაეცა იმჟამად გაუქმებული ჭერემის საეპისკოპოსოს კუთვნილი მიწები. მდგომარეობა იცვლება XIX საუკუნეში, როდესაც მიმდინარეობდა საეპისკოპოსო კათედრების გამსხვილება და მათი რაოდენობის შემცირება. ასე ჩამოყალიბდა, მაგალითად, კახეთ-ალავერდის ეპარქია, რომლის მიტროპოლიტად 1811 წელს დაადგინეს ბოდბელი იოანე (მაყაშვილი). ამ დროისათვის ბოდბელი უკვე აღარ არის კახეთის პირველი ეპისკოპოსი, `არამედ მეორე, ესეცა პატივისათვის წმიდისა ნინაისა არა აღიღეს აწ ვითარცა სხუანი საეპისკოპოსონი ქართლისა და კახეთისანი~. იოანე ბოლნელის ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე, მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი (მხატვრობაცა და კანკელიც დღემდეა შემორჩენილი), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ. იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ამ დროიდან ბოდბეს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი არქიმანდრიტ მაკარის ეკავა. მისივე დროს, 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა.
XIX საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.
მონასტრის დაარსებისათვის შესაფერისი ვითარება XIX დასასრულს შეიქმნა. 1888 წელს ბოდბეს ოჯახითურთ ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III, როგორც ეგზარხატის მოკლე ისტორიაში აღნიშნულია, იმპერატორის ჩამოსვლისათვის ბოდბის ტაძარი რესტავრირებული იქნა, მაგრამ არ ჩანს, კერძოდ, რა გაკეთდა. 1889 წელს ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იღუმენია იუვენალია. მას რუსეთიდან ჩამოყვა 6-7 მონაზონი, თუმცა მათი რიცხვი მცირე დროის მონაკვეთში 200-მდე გაიზარდა. ცხადია, ახალი სამონსტრო შენობების აგებაც გახდა საჭირო, რისთვისაც დაიხარჯა 110 ათასი მანეთი, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. 1890 წლებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდა კლდის გასამაგრებლად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა შენობებს. 1889 წლის შემდეგ ბოდბეში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ამან ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 1902 წლიდან ბოდბეში იღუმენიად დაადგინეს იუვენალია II (თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და), რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის გასაძლიერებლად. მისი მცდელობით აღდგენილი იქნა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და გალობა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბოდბეში აშენდა სამონასტრო შენობები, ეზო შემოიზღუდა ქვის გალავნით. 1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს.
კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს.


ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა თვისსა". საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი" და „ყოვლითა სამკაულითა" შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს.

არქიტექტურული აღწერა

სამრეკლო
მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს – ირგვლივ მუხის ხეებით დაბურული გორაკებია, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ალაზნის ველისკენ იხსნება. ეკლესიის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის ხეები და ტანმაღალი კვიპაროსები დგას. მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგან (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) `წმინდა ნინოს წყაროს~ ეძახიან. ამ წყაროს ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.
მონასტრის ეზო გალავნითაა შემოზღუდული. მთავარი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მთავარი ტაძარი ქვედა ტერასაზე მდებარეობს, ხოლო სამონასტრო ნაგებობები მისგან ჩრდლოეთით – ზედა ტერასაზე. 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა.
ბოდბეში აგებულ თავდაპირველ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით აქ ახალი ტაძარი აიგო, რომელმაც მრავალჯერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. მუდმივი ყერადღების ცენტრში არსებულ ნაგებობამ დროთა განმავლობაში დაკარგა თავდაპირველი მხატვრული მახასიათებლები: მწყობრი პროპორცია, შიდა სივრცის გარე მასებთან ურთიერთკავშირი და შეთანხმება.
1979-1989 და 2002-2004 წლებში ბოდბეში ეტაპობრივად მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. ნაგებობის მხატვრული სახის აღსადგენად და მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის აუცილებელი შეიქმნა მკვეთრი ჩარევა ტაძრის ხუროთმოძღვრულ ორგანიზმში. შენობა განთავისუფლდა გვიანდელი ფენებისაგან, გამოიკვეთა მისი თავდაპირველი პროპორცია და ხუროთმოძღვრული ფორმები. როგორც გაირკვა, განახლების დროს არ ნადგურდებოდა ძველი ფენები. მოხდა შენობის ყველა დროის გადაკეთების ფიქსაცია და დოკუმენტირება.

ბოდბის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის გეგმა აღმოსავლეთით სრულდება სამი შვერილი ნახევარწრიული აფსიდით, დასავლეთიდან ბაზილიკას აკრავს ნართექსი. სამშენებლო მასლად ძირითადად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის აგური (27X27X6, 26X26X6, 24X24X6 სმ). მათგან დიდი ზომის აგურის წყობა თავდაპირველ ფენას მიეკუთვნება. ფასადებზე ბაზილიკის კუთხეები ხაზგასმულია შირიმის გრძელ-მოკლედ დალაგებული კვადრებით. ეკლესიის შუა ნავი გვერდითა ნავებზე მაღალი და განიერია, იგი ორფერდა სახურავითაა გადახურული. გვერდითა ნავებს ცალფერდა სახურავი აქვს. ნარტექსის შუა ნაწილი ამაღლებულია და დამოუკიდებელი ორფერდა სახურავითაა გადახურული. ინტერიერში ეკლესიის სამი ნავი ერთმანეთისგან გამოყოფილია ერთ წყვილ სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი თითქმის თანაბარმალიანი ნახევარწრიული მოხაზულობის თაღებით (დასავლეთის წყვილი ოდნავ აღემატება აღმოსავლეთისას). ნავთა გამყოფი ბურჯები სწორკუთხა მოხაზულობისაა, მათ ცენტრალური ნავის მხრიდან აუყვება პილასტრები. ამ უკანასკნელს შუა ნავის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ცენტრალური ნავის მხარეს თითოეულ პილასტერს სამ ადგილას (ნავთა გამყოფი თაღების, კონქის თაღის და ცენტრალური კამარის საბჯენი თაღის ქუსლებთან) აქვს თაბაშირში გამოყვანილი პროფილირებული კაპიტელები, რომლებსაც კონსტრუქციული დანიშნულება არ გააჩნია. მსგავსი პროფილები ჰქონდა იოანე მაყაშვილის მიერ XIX საუკუნეში აგებულ კარიბჭეებს ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებთან, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებული რესტავრაციის დროს მოშალეს. ეკლესიის შიგნით არსებული დეკორატიული კაპიტელები კარიბჭეების მშენებლობის ხანას უნდა ეკუთვნოდნენ (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი). ეკლესიის შუა ნავი აღმოსავლეთით სრულდება ნახევარწრიული აფსიდით, რომელსაც ირგვლივ შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი. ცენტრალური სარკმლის ქვეშ სპეციალურად არის გამოყოფილი საპატიო ჩამოსაჯდომი მღვდელმთავრისათვის. აფსიდის კონქის თაღი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. მის თავზე აღმართულია მაღალი შუბლი. აფსიდს წინ უძღვის საკმაოდ ღრმა ბემა. მის წინ არსებულ ერთსაფეხურიან პილასტრებს სამ ადგილზე აქვს პროფილირებული, თაბაშირში გამოყვანილი კაპიტელები. Bბემის წინ არსებულ პილასტრებზე გადაყვანილია ოდნავ შეტეხილი თაღი. ცენტრალური ნავის კამარა შეისრულია. ბაზილიკის ცენტრალური აფსიდის ცენტრში დგას ქვიშაქვისაგან გამოთლილი ტრაპეზი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. 170 სმ სიმაღლის მქონე სანახევროდ მიწაში ჩამაგრებული რვაწახნაგა სვეტი სრულდება 2 სმ სიმაღლის ვერტიკალური ნაშვერით, რომელზეც დამაგრებულია თაროსა და ჩაკვეთილი ფოსოს მქონე ქვა კვადრატული ზედაპირით (67X67 სმ). ბაზილიკის გვერდითი ნავები ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ნავების აღმოსავლეთ მონაკვეთებში აფსიდებით დასრულებული სათავსებია გამოყოფილი: ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – წმინდა ნინოს ეგვტერი. მათი შესასვლელები თაღოვანია. წმინდა ნინოს ეგვტერში, ჩრდილოეთ კედელთან არის 20 სმ სიმაღლის აგურის შემაღლება (2მX1,5 მ), რომელზეც წმინდა ნინოს ფერწერული გამოსახულებაა წარმოდგენილი. 1997 წლამდე აქ იდგა მიხეილ საბინინის მიერ შეწირული მარმარილოს ქვა. ამჟამად არსებული საფლავის ქვა არის ოთხ სვეტზე დამყარებული მარმარილოს მასიური ფილა, რომლის ზედაპირი ორნამენტული მორთულობითაა დამუშავებული. სამკვეთლოსა და ეგვტერის აფსიდებში კედელთან მიდგმული ტრაპეზებია გამართული. ნართექსი ეკლესიას უკავშირდება სამი შესასვლელით. ნართექსი მიდგმულია ეკლესიაზე. ნახევარწრიული თაღები ნართექსს სამ ტოლ ნაწილად ყოფს. საკურთხევლის აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია. ფასადზე სარკმლები დასრულებულია შირიმის ქვაში ამოკვეთილი თაღოვანი თავსართით. შუა ნავის და დასავლეთ კედლების შესაყარზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა. ტექსტი შემდეგი სახით იკითხება: `ქრისტე, მე გიორგი ავაგე ეკლესია ესე ვ თოე მსახურებითა ჩემითა მეფობასა დემეტრესასა~. ძველ ქართულ წყაროებში `აშენება~ ხშირად გულისხმობს გადაკეთებას. წარწერა მეტად მნიშვნელოვანია ბოდბის ტაძრის ისტორიის შესასწავლად. საყურადღებოა, რომ აქ მოცემულია შესრულების ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩო (დემეტრე I-ის მეფობის ხანა 1125-1156 წწ).

ეკლესიის მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი გამაგრება და გაწმენდა მოხდა 1997 წელს. ეკლესიის კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. ბოდბის ტაძრის კანკელი, ისევე როგორც კედლის მხატვრობა, 1823 წელსაა შესრულებული ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილის მიერ. კანკელი უკანასკნელი წარმომადგენილია XVIII საუკუნით დათარიღებული კანკელების ჯგუფისა, რომლებიც დავით გარეჯის მრავალმთის მონასტრის ამ დროისათვის მოქმედ მონასტრებში შეიქმნა. ბოდბის ტაძარში არსებული საფლავები ძირითადად განლაგებულია ნავთა გამყოფ ბურჯებს უკან და ნართექსში. აქ დაკრძალულია მიტროპოლიტი კირილე ჯორჯაძე, რომელიც ლეკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა 1792 წლის 22 ივნისს. სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი. ტაძრის ფასადები ხასიათდება მასათა პროპორციული შეთანხმებით და სისადავით. ფასადები სადა და მკაცრია. აგურის ზუსტი წყობა ნაგებობის კუთხეებში შირიმითაა მოჩარჩოებული, აღმოსავლეთით არსებულ სამ შვერილ ნახევარწრიულ აფსიდს დასავლეთიდან აწონასწორებს ნართექსი, რომლის სამი თაღით გახსნილი კედელი ნაგებობის ყველაზე უფრო მორთულ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ბოდბის ტაძრის აღდგენა-განახლების თანმიმდევრობა ეფუძნება შენობის გახსნის დროს გამოვლენილ მონაცემებს. საუკუნეთა მანძილზე შენობის დაზიანებას სწრაფად მოსდევდა აღდგენითი სამუშაოები. ტაძრის განახლებას ბოდბეში ადგილი ჰქონდა XII, XIV-XVI, XVII, XIX საუკუნეებში.


ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი

ბოდბის წმ. გიორგის ტაძარი საკათედროა და მონასტერი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მონასტერი მოქმედია.

 

 

 



                                   

ტელ: 75 33 29

მობ: 890 91-16-91, 895 96 04 82

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: toursingeorgia.1

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 3545 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nona qutelia  
0
var skolis pedagogi,minda patarebi caviyvano eqskursiit,gtxovt shemomtavazot pirobebi da pasebi.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz