მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 19.03.2024, 05:00
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ანატორის აკლდამები
14:48
ანატორის აკლდამები

ანატორის ნასოფლარი და აკლდამები

(XI-XV სს)


კომპლექსში შემავალი ძეგლები

I. ბანურსახურავიანი ნაგებობები
II. ოთკუთხა ნაგებობა
III. სამაროვანი
IV. აკლდამა
V. მარიამწმიდის ეკლესია


მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია 

სავარაუდოდ, ანატორში პირიქითა ხევსურეთის ერთ–ერთი პირველი ეკლესია აშენდა.


ადგილმდებარეობა

სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.


ისტორიული მიმოხილვა

ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

შატილიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრზე, ანატორელთა ნასოფლარშიც (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი", ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო. ანატორი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ორი ხეობის გზაჯვარედინია. აქ თავს იყრის ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები. XVIII საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. რაღაც ინფექცია, აქაურად „ჟამი", მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ მწყურვალნი (ბინ იცის, რამდენ ხანს) თვითონ ელოდნენ სიკვდილს. ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების სათანადო შესწავლასა და შეფასებას ელოდება. ეს აკლდამური დაკრძალვის წესი შატილში გვიანობამდე (XX ს-მდე) შემორჩა.
ხევსურეთში უმეტესად გვაროვნული სოფლები იყო. ერთ სოფელში ერთი გვარის ოჯახები ცხოვრობდა. გვარის შიგნით სოფელში ქორწინება იკრძალებოდა. ასეთი სოფელი გახლდათ შატილიც. აქ ანტორელების გარდა ყველა ჭინჭარაული იყო, ამიტომ ქორწინება მხოლოდ ანატორელებსა და დანარჩენ შატილელებს შორის ხდებოდა. გვარის (სისხლის) აღრევა მოკვეთით მთავრდებოდა, რაც ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა. შატილელ ჭინჭარაულებს რძლები უმეტესად სხვა გვარებიდან (სხვა თემ -სოფლებიდან) მოჰყავდათ და ქალებსაც იქ ათხოვბდნენ.
ანატორელები XX საუკუნის პირველ მეოთხედში ჭინჭარაულებად (ჯინჭარაულებად) ეწერებოდნენ, მოგვიანებით და ახლაც - სისაურებად. აღმოსავლეთ საქართველოს, რეგიონებში დასახლებული სისაურები შატილიდან, ანატორიდან წასულები უნდა იყვნენ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების ჩამომავლებად თვლიან.
გადმოცემით ანატორის ჯვარი ალავერდიდან გადმოფენილა ანატორში. ამ ხატის მკადრე ბევრი ყოფილა, რომელსაც ეს ხატი სიწმინდით ვერ შეუნახავს; ამიტომ ხატი აქედან მოთხოში გადაფრენილა. მითხოში ერთ მჭედელს ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუკრავს. ამაზე ეს ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოციაო. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი ანატორის ჯვარს ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.
ანტორის ჯვარი - შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანტორის ჯვრის შესახებ არის ლეგენდა: ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.


არქიტექტურული აღწერა

ნასოფლარი, არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, კლდოვან მთაზე.
I. ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ფიქლის ქვის მშრალი წყობით და ფიქლითა და ტალახით ნაგები XI-XV სს ბანურსახურავიანი ნაგებობები.
II. ადგილ ოჩიდალზე გაითხარა ოთკუთხა ნაგებობა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გარეულ ცხოველთა (ირმების, არჩვების) რქები. გარდა ამისა აღმოჩნდა ლითონის სამკაულებიც.
III. ნასოფლარის აღმოსავლეთით, ადგილ მეიდანზე, მდებარეობს XI-XV სს სამაროვანი. სამაროვანზე გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა.
IV. სამაროვანთან ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა. გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კედლების გასწვრივ, მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამის ისრული ფორმის კამარა იატაკის დონიდან იწყება და წვერწაკვეთილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქლით. აკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა იარუსის თაროებს ქვეშ იყო დაგროვილი. აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.
V. აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, დგას IX-X სს მარიამწმიდის ეკლესია. ამ ადგილს ტაბუ ადევს და გამოცხადებულია მკვრივად (შეუვალ ადგილად). ეკლესია დარბაზულია (8.4ხ4.50 მ), დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენი (7.2ხ5 მ) ეკვრის. ორივე ნაგებობა აგებულია ფიქლით. ეკლესიის გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმის ქვის კვადრები. ძლიერ დაზიანებულია; ეკლესიის გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. მინაშენის კედლები 0.5-0.6 მ–ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან (ამოშენებულია) აქვს. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის კვალი შეიმჩნევა. დანარჩენი სარკმელების კვალი არ ჩანს. საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის იატაკი ფიქლითაა მოგებული. დარბაზის სამივე კედელს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. საკურთხევლის წინ დგას კუბური ფორმის პოსტამენტი, რომელზედაც ჯვრის ბაზა იყო დადგმული. პოსტამენტში ქვეყნის მხარეების მიმართულებით თითო გამჭოლი ხვრელია მოწყობილი. დასავლეთ წახნაგს ხვრელის ფუძის დონეზე საფეხური გასდევს. სამხრეთ კედელთან აღმოჩნდა შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ოთხწახნაგა სანათლავი. ზემოდან სანათლავის სამ გვერდს რელიეფური სარტყელი გასდევს, რომლის გასწვრივ წრიული ღრმულებია ამოკვეთილი. სანათლავის ოთხივე წიბოს მთელ სიმაღლეზე თითო ნახევარსვეტი ასდევს, ხოლო ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული დეკორატიული თაღი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიაში აღმოჩნდა VIII-IX სს-დან XII-XIV სს-მდე პერიოდის მასალა (მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები, სამაჯურები, სათითეები, მონეტები და სხვ.), რომელნიც ინახება აკც-ს დუშეთის არქოლოგიურ ბაზაში.


 


 


 



                                   

ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)


ნანახია: 6368 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 137
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024 | Make a free website with uCoz