ალავერდი (XI ს.)
კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი.
დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური გამოდგა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციისას) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაშია მოთავსებული და მწვანე ქვის ზოლითაა გამოყოფილი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი სხვადასხვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუქურთმებით შემკული. ამასთან, როგორც ბევრი წმინდანის საფლავს, აღნიშნულ სამარხსაც აქვს განსაკუთრებული ღია ნიშა. ამ ნიშაში მომლოცველები თითქმის ნახევარი ტანით შედიოდნენ და მადლის მისაღებად ხელით ეხებოდნენ წმინდანის ჩასასვენებელს. ტაძარში აგრეთვე დაკრძალულია ალექსანდრე I და თეიმურაზ I. ამავე ტაძარში დასვენებულია ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი. ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება. 1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ალავერდობა" "ალავერდობა" გადაღებულია გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
ადგლმდებარეობა
ალავერდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე, ახმეტის აღმოსავლეთით 15 კმ-ში.
ისტორიული მიმოხილვა
VI საუკუნეში იოანე ზედაზნელის მოწაფეს, იოსებ ალავერდელს, ქრისტიანობის გასამტკიცებლად წმ. გიორგის ეკლესია აუგია ამ ადგილას, ხოლო XI საუკუნის 30-იან წლებში, კვირიკე კახთა მეფის დაკვეთით, ამ ადგილზე საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი აღმართა. ტაძრის XI საუკუნეში აგებას ადასტურებს მის აღმოსავლეთ ფასადზე დაცული ლაპიდარული ორი წარწერა: "წმინდაო გიორგი, მეხვაიშნე იყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენისა გიორგი აბაის, დისწოვლსა გოდერძი ერისთავისა, რომელმან აღაშენა კონქი ესე ამინ”. "ქრისტე შეიწყალე იოვანე მღვდელთათავარი, ამინ.” 1475-1495 წლებში ეკლესია ძლიერ დაზიანდა და იმავე XV საუკუნის ბოლოს, ალექსანდრე I, მისი დედის, ნესტან-დარეჯანისა და ანა დედოფლის მიერ აღდგა და გაიწმინდა. 1616 წელს, შაჰ-აბასის მიერ დარბევის შემდეგ, მონასტერი როსტომ მეფემ აღადგინა. ამავე საუკუნეში თურმქმენთა მომთაბარე ტომებმა, შენობა ციხე-სიმაგრედ აქციეს. ალავერდის ტერიტორია იმდენად შეილახა, რომ 1659 წელს, თურმქმენების განდევნის შემდეგ, საუკუნის ბოლომდე საეპისკოპოს აღდგენა ვერ მოხერხდა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ტაძარი ლეკებმა დაარბიეს. 1721 წელს, მთავარ ეპისკოპოსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით შეკეთდა ტაძარი და გალავანი. 1735 წელს ტაძარი თამაზ-ხანმა ააოხრა. ეს ნგრევა 1742 წლის მიწისძვრამ დააბოლოვა. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო თეიმურაზ II-ს მეუღლემ, დედოფალმა თამარმა და დაასრულა მისმა ძემ – ერეკლე II. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ალავერდისა და მცხეთის კათედრები გაერთიანდა, რამაც ეკონომიურ აღორძინებას შეუწყო ხელი. 1811 წელს ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი თავიდანვე ითავსებდა მონასტრის ფუნქციებსაც. აქ თავიდან მამათა მონასტერი იყო, XVII-XVIII საუკუნეებში კი – დედათა მონასტერი. XIX საუკუნეში რუსეთთან შეერთების შემდეგ, დაინგრა ტაძრის გალერეა, კარიბჭეების ჩრდილო და სამხრეთ ფრთა. ამავე დროს ტაძარი შიგნიდანაც და გარედანაც შელესეს, ხოლო საკურთხევლის მთელ სიმაღლეზე რუსულ ყაიდაზე "იკონოსტასი” მოაწყვეს. (ამჟამად მოხსნილია და კანკელითაა შეცვლილი). საუკუნეთა მანძილზე, ალავერდი მძლავრი სასულიერო-კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII), ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი) და ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVIII) და სხვანი. ალავერდი კახთა მეფეთა საძვალეც წარმოადგენს. აქ დაკრძალულნი არიან მეფენი – ალექსანდრე I და თეიმურაზ I. აქ დასვენებულია ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი. ალავერდში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული "ალავერდობა”, ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება–დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს და გრძელდება 3 კვირას.
არქიტექტურული აღწერა
1. ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41.7X26.4 მ, სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება). ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული, დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია. ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება და ქმნის ეგრეთ წოდებულ ტრიკონქს. უაფსიდო დასავლეთი მკლავი წაგრძელებულია და აქვს გვერდითი ნავები, რომლებსაც ელიფსური ფორმის თაღების წყვილი მალით უკავშირდება. თაღები ვარსკლავისებურ ბოძზეა დაყრდნობილი. შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრთილოეთიდანაა. საკურთხეველი, რომელიც ნახევარწრიულ აფსიდსა და მის წინ მდებარე ბემას მოიცავს, თავდაპირველად სამი საფეხურით იყო შემაღლებული. საკურთხევლის გვერდებზე – სამკვეთლო და სადიაკვანეა, რომელთა ზემოთ აფსიდიანი თითო სათავსია. საკურთხევლის, ისევე როგორც განივი მკლავების აფსიდის წინ, კედლის შეღრმავებულ ნაწილში, თითო ფართო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია, მათ ზემოთ კი სამკვეთლოსა და სადიაკვანის თავზე განლაგებული სათავსების თითო თაღოვანი სარკმელი გამოდის. საკურთხეველში და გვერდის აფსიდებში, სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმელია. გვერდის აფსიდების სარკმლები იმდენად მაღლაა, რომ მათი თაღების წვერი კონქის ქუსლის დონეს აღწევს. საკურთხევლის აფსიდში გეგმით ნახევარწრიული და მაღალი თერთმეტი თაღოვანი ნიშია, რომლებიც მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომად იყო განკუთვნილი.
ჩრდილოეთ აფსიდში, სადაც იოსებ ალავერდელის საფლავია, ბოლოებთან, მიჯრით განლაგებული ორ-ორი აფსიდის-მაგვარი ნიშია, რომლებსაც ირგლივ თითო სადა ლილვი ევლება. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავების აფსიდების ორივე კუთხეს, გარკვეულ სიმაღლეზე, ნახევარსვეტი აუყვება, რომელთა კაპიტელებზე დაყრდნობილია აფსიდის წინ მდებარე გასასვლელების თაღები. დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედლის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელი იყო მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ შეუვიწროვებიათ და მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. შესასვლელის ორივე მხარეს თითო მძლავრი პილასტრია, რომლებზედაც დაყრდნობილია პატრონიკეთა დამაკავშირებელი ღია გადასასვლელი. ტაძრის დასავლეთ მკლავის გვერდებზე მდებარე ვიწრო ნავები საბჯენი თაღით გაყოფილია ნაწილად. სამხრეთი ნავის აღმოსავლეთი ნაწილის სამხრეთ კედელში ტაძრის შესასვლელია (ამჟამად ამოშენებულია). დასავლეთ ნაწილში, სამხრეთით და დასავლეთით, თითო სარკმელია. ჩრდილოეთ ნავი სამხრეთის ანალოგიურია. ნავის ჩრდილოეთ კედელში ერთი ვიწრო და დაბალი კარია. კარის თავზე, კედელში, პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა, რომელიც ნავის დასავლეთ ნაწილში იწყება. თავდაპირველად ორივე პატრონიკე მკლავის სივრცეში ოთხ-ოთხი ფართო თაღით იყო გახსნილი, რომლებიც წყვილ-წყვილად იყო განლაგებული ნავთა გამყოფი თაღების თავზე და მოჩარჩოებული იყო შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღებით (დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში შემორჩენილია ნახევარსვეტები და მათზე დაყრდნობილი თაღის ნაწილი). მკლავის კამარა, რომელიც 1750 წელს განაახლეს, კედლების ზედა ნახევართან ერთად აგურითაა ნაწყობი და აგურისავე ოთხ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღები – კონსოლებს.
სამკვეთლო და სადიაკვანე ცილინდრული კამარით გადახურული ფართო სწორკუთხა სადგომებია, რომელთაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. თითეული მათგანის აფსიდში და გვერდის კედელში თითო თაღოვანი სარკმელია (სამკვეთლოს ჩრდილოეთი სარკმელი მოგვიანებით ამოაშენეს). შესასვლელი ორივე სადგომს დასავლეთიდან აქვს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში და სადიაკვანეს ჩრდილოეთ კედელში თითო განიერი და ღრმა თაღოვანი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება და კამარის ქუსლებამდე ადის. სამკვეთლოსა და სადიაკვანეს დასავლეთით ჯვაროვანი კამარით გადახურული თითო პატარა კვადრატული სათავსია. ორივე სათავსი თითო ფართო და მაღალი თაღით დაკავშირებული იყო, როგორც აღმოსავლეთის, ასევე შესაბამის განივ მკლავთან. მოგვიანებით თაღები აგურით ამოუშენებიათ და დაუდაბლებიათ. დასავლეთი კარიბჭე XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ადრე არსებული კარიბჭის ადგილზე. ტაძრის დასავლეთ შესასვლელის გვერდებზე შემორჩენილია თავდაპირველი კარიბჭის შირიმით ამოყვანილი ორ-ორი რთულპროფილიანი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი თაღების მცირე ნაწილები.
ტაძარი მოხატულია. მოხატულობა სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის დიდი ფიგურა, რომელსაც კალთაში უზის ჩვილი ქრისტე. ღვთისმშობლის მარცხნივ და მარჯნივ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. კონქის მხატვრობა XV საუკუნეს განეკუთვნება. ზემოდან მეორე და მესამე რეგისტრებში ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურებისა და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტებია. ეს მხატვრობა XI საუკუნისაა. სამხრეთ მკლავში თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი მოხატულობა. სარკმლებს შორის ორ-ორი რეგისტრია, სადაც ნაწილობრივ შემორჩენილია მოხატულობები. ამ მხატვრობის ძირითადი ნაწილი XV-XVI საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს, როდესაც ტაძარი კაპიტალურად შეკეთდა. დასავლეთ მკლავში, კარის თავზე და გვერდებზე, შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ტაძრის გარეთა ფორმები სავსებით შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ფორმათა ურთიერთგანლაგება და პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომელიც ორფერდა სახურავით გადახურული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზეა აღმართული. მკლავებს შორის – დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილებია. ტაძრის ფასადების დეკორი ძალზე თავშეკავებულია, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული, რაც ხელს უწყობს ტაძრის დიდებულების აღქმას.
2. ტაძარს გარს ევლება საკმაოდ ირეგულარული მოხაზულობის გალავანი, რომლის მოხაზულობა ტაძრის ირგლივ აგებულმა სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობებმა და გალავნის აღმოსავლეთით მდებარე პატარა მდინარემ განაპირობა. გალავანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ყრუა და ზედასთან შედარებით სქელია. ზედა იარუსს მთელ სიგრძეზე საბრძოლო ბაქანი გასდევს, რომლის უმეტესი ნაწილი ხის ყოფილა. მეორე იარუსის კედელში ძირს დახრილი და ჰორიზონტალური სათოფურებია. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი, რომელთაგანაც 4 მდინარის მხარესაა, ერთი (ყველაზე დიდი) ჩრდილო-დასავლეთით დგას. ყველა კოშკი გალავნის გარეთაა გასული. კოშკებს თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვთ. გალავანს ორი შესასვლელი აქვს: ერთი (მთავარი) ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის პირდაპირაა, მეორე (ამოშენებული) – ჩრდილოეთ კედელში.
3. სამხრეთ შესასვლელზე XIX საუკუნეში სამრეკლოს ცილინდრული ფანჩატური დააშენეს. როგორც ჩანს სამრეკლო ამ ადგილას მდგარა, რომლისგანაც შემორჩენილია ქვედა კუბური ფორმის ნაწილი – ფართო შეისრულთაღოვანი გასასვლელით შუაში და თითო კომპარტიმენტით აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ კომპარტიმენტში მოწყობილია კიბე, რომლითაც ადრე არსებულ სამრეკლოს ფანჩატურზე ადიოდნენ.
4. 1640-43 ჩამოსული რუსი ელჩის ცნობით, ტაძრის პირდაპირ ქვით ნაგები ორი პალატი მდგარა. შემორჩენილია მხოლოდ ერთი, რომელიც ორსართულიანი მოგრძო ნაგებობაა (27X11 მ), დგას შესასვლელის დასავლეთით. იგი ჩართულია გალავნის კედელში და გარედან გამაგრებულია ხუთი მძლავრი კონტრფორსით. პალატის I სართულზე სატრაპეზო იყო. სამხრეთით მას სამი შესასვლელი ჰქონდა, რომელთა ზემოთ თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმლები სხვა კედლებშიცაა. სატრაპეზოს შიდა სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების ოთხი წყვილია და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით ხუთ ნაწილადაა გაყოფილი. შუა ნაწილი კვადრატულია და გვერდითებს თითქმის ორჯერ აღემატება. პილასტრებს შორის კედლის მიმდებარე შეისრული თაღებია გადაყვანილი. სატრაპეზოს თითოეული ნაწილი გადახურულია დამოუკიდებელი, საკმაოდ რთული და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კამარით. სატრაპეზოს ზემოთ საცხოვრებელი სათავსები იყო განთავსებული.
5. ტაძრის პირდაპირ ქვით ნაგები ორი სასახლე იდგა. შემორჩენილია მხოლოდ ერთი, რომელიც ორსართულიანი მოგრძო ნაგებობაა (27X11 მ) და დგას შესასვლელის დასავლეთით. იგი ჩართულია გალავნის კედელში და გარედან გამაგრებულია 5 მძლავრი კონტრფორსით. სასახლის I სართულზე სატრაპეზო იყო. სატრაპეზოს თითოეული ნაწილი გადახურულია დამოუკიდებელი, საკმაოდ რთული და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული შეისრული კამარით. სატრაპეზოს ზემოთ საცხოვრებელი სათავსები იყო განთავსებული. ამჟამინდელი II სართული, ეზოს მხრიდან მოწყობილი ორი დიდი კიბით, მოგვიანებითაა აგებული და გამოყენებულია თავდაპირველი სართულის კედლების ნაწილები.
6. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას ირანის შაჰის ნაცვლის სასახლე. იგი აგებულია XVII საუკუნის დასაწყისში. სასახლე რვაწახნაგა, ორიარუსიანი კოშკისაგან და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიდგმული დაბალი, კვადრატული სათავსისაგან შედგება. კოშკის ქვედა იარუსის ყოველ კუთხეში თითო მძლავრი ბურჯი დგას, რომელთა შორის თითო ფართო შეისრულთაღოვანი ღიობია. ბურჯებითა და თაღებით შექმნილ ქვედა იარუსის რვაწახნაგოვან ბაქანზე დადგმულია ამდენივე წახნაგის მქონე ყელი, რომლის კედლები ქვედა ნაწილის კედლების სისქის ნახევარია, რის გამოც II იარუსის დონეზე შექმნილია ფართო გარშემოსავლელი. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია რთული ფორმის ორსაფეხურიანი კამარით. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიშენებული სათავსი კვადრატული გეგმისაა (5.2X5.2 მ), შესასვლელი მას კიოსკთან აქვს. სათავსის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი სწორკუთხა ნიშია, აღმოსავლეთ კედელში, ნახევარწრიული ბუხრის ორივე მხარეს – თითო ნიში. abanos gegma
7. მარანი - ტაძრის ჩრდილოეთ კედლისპარალელურად 50 მ-ზე დგას. მარნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია გაჭრილი. შიგნით მიწაში ქვევრებია ჩაფლული.
8. აბანო მდებარეობს გალავნის გარეთ, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 მეტრზე. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აბანო გეგმით რთული მოხაზულობისაა. შედგება სხვადასხვა ფართობის რამდენიმე სათავსისაგან, რომლებიც ერთმანეთს გასასვლელებით უკავშირდებიან. გამოირჩევა მთავარი სათავსი, სამი საკმაოდ ღრმა, შეისრული კამარით გადახურული კომპარტიმენტით. სათავსის ცენტრალური ნაწილი გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული. დანარჩები სათავსები შედარებით მცირე ფართობისაა: მათაც მთავარი სათავსის მსგავსი გუმბათოვანი კამარები ჰქონდათ. ამჟამად ინტერიერი 1-1,5 მ-ზე მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული.
ტელ: 551 844 644
ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com
სკაიპი: mindia.tsiklauri
ფეისბუქი: tours in georgia
მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)
|