სვეტიცხოველი - 14 სექტემბერში 2010 - ბლოგი - ნახე საქართველო


მთავარი | ENG | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 07.12.2016, 00:45
მოგესალმები სტუმარი | RSS
                       

ბაკურიანი და გუდაური
ტურები და ექსკურსიები
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
free counters
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » სვეტიცხოველი
16:33
სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი


კომპლექსშ შემავალი ნაგებობები

ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, ანტონ II კათოლიკოსის სასახლე, მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე და კოშკი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს, (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა სვეტიცხოვლის საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. ტაძარში გათხრები ჩატარდა ასევე 2006 წელს (ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე).

ადგილმდებარეობა

სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.

ისტორიული მიმოხილვა

სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის აგება, როგორც ცნობილია დაკავშირებულია მოციქულთასწორ, ქართლის გამაქრისტიანებელთან _ წმ. ნინოსთან და იმ დროინდელ მეფე მირიანთან. სწორედ მეფის "სამოთხეში”, ადრე ებრაელთა სასაფლაოზე, სადაც განისვენებდა სიდონია და მასთან ერთად დაფლული იყო საქართველოს მთავარი სიწმინდე _ უფლის კვართი _ გადაწყდა ხის ეკლესიის აგება _ "და მეყსეულად მიიღო და ასწავებდა ხუროთა, და მოჰკუეთა ნაძვი იგი და ნაძვსა მისგან შეიმზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი და ვითარ აღაშენა კედელი იგი ძელითა და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თავის-თვისად, ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელ საკუირველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებლად გამზადებული.”
იმავე IV საუკუნეში მეფე მირდატმა სასწაულმოქმედი სვეტი "გარე მოქმნა ქვითკირით და აღამაღლა ქვითკირი პირველ სვეტსა ოდნად; და თავსა მას სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი.”
V საუკუნისათვის ხის ეკლესია უკვე დაქცეული ჩანს. ვახტანგ გორგასალი აქ იმ დროსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარს აგებს მოციქულთა სახელზე: "ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი, და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა იგი დაცემულ იყო ეკლესია რომელ არს სიონი დიდი.” ამრიგად, როგორც მემატიანის ნათქვამიდანაც ჩანს V საუკუნეში აქ ააგეს დიდი ბაზილიკა.

ამის შემდეგ, სვეტიცხოვლის შესახებ ისტორია XI საუკუნემდე სდუმს. 1040 წელს დაწერილ ბაგრატ კურაპალატის გუჯარში ვკითხულობთ: მელქისედეკ კათალიკოზი "წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილისა წინაშე კონსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღაშენა, დაძველებულიყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოვანი დაქცეულიყო და აღარავინ იყო მწე აღშენებად და არცა-რა ვის ძალედვა აღშენებად მის”. ბასილი კეისრის ძღვენით მელქისედეკ კათალიკოზმა "იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემო სტოათა მოქმნითა და ზედა დაბურვითა და ყოველი განასრულა და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისაცა და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკკლესია სვეტი-ცხოველი ყოველითა სამკალობითა.” ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით მელქისედეკის ეს ანდერძი 1020-1029 წლებშია დაწერილი. 1030-40-იან წლებში კათალიკოზ ოქროპირის დროს ტაძარს მოაშენეს ეგვტერები: "ამანცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა დასავლის კუთხესა სამხრით ეკვდერი ქვითა წმინდითა და თეთრად შუენიერად გამოქანდაკებულითა.”

1283 წელს სამდღიან მიწისძვრას ტაძრის დაზიანება მოჰყვა, რომელიც XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალეს აღუდგენია.
ამის შემდეგ, ისტორიაში გადმოცემულია XIV საუკუნეში, თემურ-ლენგის მიერ სვეტიცხოვლის მოოხრების ამბავი. თემურის მიერ ტაძრის დანგრევა იმდენად შემაძრწუნებელი ყოფილა, რომ მემატიანის თხრობაშიც კი კარგად იგრძნობა ეს: "რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ, საქართველოსა შინა, ვითარცა მაფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროისღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა მას სოლომონისა, თვინიერ წარღებისა მრავალფასსა მის პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქნა, რომელ წარიღო სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი ჭურჭელნი წმინდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა კმაყოფად, არამედ თვითცა შეჰკადრა ბილწითა ხელითა წარმდებად ხელ-ჰყო დარღუევად და მოოხრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან და გარეთ ზღუდენი და პალატნი და ყოველივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვნეს სპათა ლანგ-თემურისა.”
დარბეული და დაქცეული სვეტიცხოვლის აღდგენა XV საუკუნეში დაიწყო მეფე ალექსანდრე I დიდის ბებიამ რუსამ. "ამან იწყო მრავლის წყალობითა და გულისმოდგინებითა აღშენებად წმინდისა სუეტისა ცხოველისა. პირველად გამოკაზმა და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით”. ბებიის დაწყებული საქმე მეფე ალექსანდრე დიდმა განასრულა. ამან "ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სუეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განაშუენა.”
ტაძარს XVII საუკუნეშიც მოუხდა რესტავრაციის ჩატარება. 1656 წელს როსტომ მეფის დროს აღადგინეს გუმბათის ზედა ნაწილი, რაზეც კარნიზზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს, ხოლო 1687 წელს ნიკოლოზ კათალიკოზი, მცხეთის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის წიგნში წერს: "და მივჰყავით ხელი და ძველითგან დაფუძნებული კედელი სუეტის ცხოველისა მხარსა სამხრეთისასა ახლად აღვაშენეთ; კიდევ ხუთი სამხრო გამოუცვალეთ და ხელახლა აღვაშენეთ.” ამავე შინაარსის წარწერიანი ქვაა ჩატანებული სამხრეთი ფასადის მის მიერ აღდგენილ მონაკვეთში (აღმოსავლეთი მონაკვეთი).
ბოლო რესტავრაცია ტაძარს XIX საუკუნეში ჩაუტარდა ორ დიდ ეტაპად. პირველი იყო 1837-1844 წლებში საქართველოს ეგზარხოსს არქიეპისკოპოს ევგენის მიერ, რომლის დროსაც "პოდრიადჩიკმა” ხეჩო დარჩილოვმა ააფეთქა ტაძრის გარეშემო სტოები. ხოლო ჩამოცვენილი ქვები ახალი, მცირე ზომის კვადრებით შეცვალა. მეორე ეტაპი 1860 წელისაა არქიეპისკოპოს ევსენიის დროს. ამ რესტავრაციის მთავარი საზრუნავი იყო ტაძრის გადახურვა. ამ დროს აამაღლეს იატაკიც, რომელიც 2006 წელს მთლიანად მოხსნეს და მართალია არა თავდაპირველ ადგილზე, თუმცა მაინც მიახლოებით დაუბრუნეს პირვანდელი (XI ს.) დონეს.


ლეგენდები, თქმულებეი და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები



აქ დაფლულია ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე _ უფლის კვართი, რომელიც ლეგენდის თანახმად ელიოზმა ჩამოიტანა საქართველოში, ხოლო წმ. ნინოს ქადაგების და ქართლი მოქცევის შემდეგ ამ ადგილზე აღმართეს ერთ-ერთი პირველი ეკლესია საქართველოში.

ძეგლების ჩამონათვალი და აღწერილობა

1.  სვეტიცხოვლის ტაძარი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით დაგრძელებულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, სადაც ჯვარი, ოთხი მკლავის მეშვეობით სივრცეში იქმნება. აღმოსავლეთის მკლავი სრულდება საკურთხევლის აფსიდით, ხოლო დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხაა. საკურთხევლის ორივე მხარს აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნოა (რომლებიც დამოუკდებელ ეკლესიებად მოქმედებენ). სამხრეთ ოთახს, სადიაკვნესა და საკურთხევლის აფსიდს შორის მოთავსებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი, რის გამოც სადიაკვნო, სამკვეთლოსთან შედარებით მცირეა. დასავლეთი მკლავი ორი არათანაბარი თაღით სამ ნავად იყოფა.


ნაგებობის ცენტრში აღმართული გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობა. დასავლეთით ტაძარი გრძელდება ნართექსით და მასზე მოწყობილი პატრონიკით, რომელიც სამი თაღით იხსნება დასავლეთი მკლავისკენ (პატრონიკე ახლა გაუქმებულია), ხოლო ნართექსის შესასვლელი გამოყოფილია კარიბჭით. ტაძარში შესასვლელი სამია: მთავარი დასავლეთიდან და დამხმარეები _ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე, ცენტრიდან ოდნავ დასავლეთით ჩაწეული.
დასავლეთი მკლავის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სამ-სამი მძლავრი, ღრმა თაღია, რის საშუალებასაც ძლიერი ნავთგამყოფი პილონები იძლევა. იგი არა მხოლოდ დეკორატიულად, ვიზუალურად ამსუბუქებს კედელს, არამედ პირველყოვლისა კონსტრუქციულად ამცირებს კედლის მასას. პირველ ორ თაღის შიდა კედელზე გაჭრილია დასავლეთი მკლავის გამანათებელი სარკმელები. მის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ მკლავზე, ორივე მხარეს არის ხუთ-ხუთი სარკმელი, რომლებიც ანათებენ კონქის გვერდითა დერეფნებს. ეს სარკმლები გაფორმებულია ლილვოვანი თაღნარით.
სვეტიცხოვლის ფასადები, მიუხედავად ძლიერი გადაკეთებებისა, მაინც ინარჩუნებენ XI საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ნიშანს _ ყველა ფასადის მომცველ დეკორატიულ თაღნარს.
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოგვიდგება ამ ეპოქაში ძალზე გავრცელებული ცენტრისკენ რიტმულად განვითარებული ხუთი თაღის კომპოზიცია და მასში ჩართული ორი სამკუთხა ნიში, რომელთა კონქი მარაოსებური ორნამენტით არის გაფორმებული. ეს ნიშები შიგნით, გეგმაზე ნახევარწრიული ნიშით არის გართულებული. თეძმის მწვანე ტუფისაგან აწყობილი თაღნარი შედგება ერთსაფეხურიან პილასტრზე დადებული შეწყვილებული ლილვისაგან, ხოლო იქ, სადაც ეს ორი ლილვი ერთმანეთს უერთდება ძირითადი "ღერო” შედგება სამი ლილვისაგან. ერთი ლილვი აუყვება პილასტრის და კედლის კუთხესაც. თაღის ყველა ქუსლი გაფორმებულია ბურთულიანი კაპიტელებით. ასევე ბურთულებით არის მორთული ბაზისები. ფასადი აღმართულია სამსაფეხურიან, მაღალ ცოკოლზე.

ფასადის ძირითადი მორთულობა თავმოყრილია შუა თაღში. ეს არის: სარკმლის ოთხზოლიანი, წითელი და ყვითელი ფერის ორნამენტული ქვებისაგან შემდგარი საპირე, მის ქვემოთ, კუთხეებში მოთავსებული ანგელოზების და ხარის თავების გამოსახულებები, ასევე მათ შორის ჩასმული "ვედრების” კომპოზიცია. სარკმლის თავზე, თაღნარის კაპიტელებს შორის მოთავსებულია ორნამენტული ფრიზი, რომელიც შედგება სამი ჰორიზონტალური ნაწილისაგან: ზემოთ, ჩამოკიდებული გირჩების მწკრივია; შუაში გადმოკიდებული ფოთლების მოტივი და ქვემოთ დაწნული ლილვის ხაზი. შუა თაღის მორთულობას აგვირგვინებს "მარაო”, რომელზეც მოცემულია ტაძრის მთავარი სამშენებლო წარწერა, მელქისედეკ კათალიკოსის და ხუროთმოძღვარ არსუკისძის ხსენებით. მარაო ფარშევანგის კუდივით იშლება ასეთივე სხივებიანი მცირე ზომის დისკოსაგან, რომელიც, თავის მხრივ, ასრულებს კედლიდან ამოზრდილ ვაზის ღეროს, რომელსაც ორი მტევანი აქვს გამობმული. ფრონტონში მოთავსებულია სამი სარკმელი, რომელიც ჩასმულია ლილვოვან ჩარჩოში, ხოლო მის მარცხნივ ერთმანეთის თავზე წარმოდგენილია ლომისა და არწივის რელიეფური გამოსახულებები. თითო-თითო მოურთავი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვნეს და მათ ზედა ოთახებს.
ტაძარში არის მხატვრობის ფრაგმენტებიც. რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ტაძარი თავდაპირველად XI საუკუნეში მოუხატავთ თუმცა იმდროინდელი მოხატულობიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა. დღეს არსებული ფრაგმენტები XVI-XVII-XVIII სს განეკუთვნება, რომელთაგან ნაწილი განახლებულია XIX საუკუნეში. მოხატულობას თან ახლავს ბერძნულ-ქართული წარწერები. გრძივი განიკვეთი ჩრდილოეთისაკენ საკურთხევლის აფსიდში ქრისტე პანტოკრატორია წარმოდგენილი. ბემის კამარაზე გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. ბემის წახნაგებზე -ორი წმინდანია: დასავლეთ ნაწილზე - წმ. მამანტოსი, ხოლო ჩრდილოეთით - წმ. ანექტოსი. გუმბათი მთლიანად შეთეთრებულია, მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი ცენტრში-ცეცხლოვან ეტლზე შემდგარი ქერუბინებითა და მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებებით გარშემორტყმული ქრისტეს დაზიანებული ფიგურა და წარწერის ნაწილი -” საბაოთ სავსე არს ცა და ქვეყანა დიდებითა მისითა”. ფრესკები არის ასევე ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ კედელზე (XVII ს). თაღს ზემოთ მოცემულია „ხარების” კომპოზიცია, ხოლო თაღზე მედალიონებში გამოსახულია IV საუკუნის დასაწყისის ქრისტიანობისთვის წამებული წმინდანები. მედალიონების ორსავ კიდეზე თითო წინასწარმეტყველია - დავითი (აღ) და სოლომონი (დას). ჩრდილო-დასავლეთის სვეტის შიდა მხარეზე მოთავსებულია წმ. დიდმოწამე ქრისტეფორე, ცხოველის თავით ქრისტეფორეს გარდა კუთხეებში გამოსახულნი არიან წმ. სიმეონი, წმ. დანიელი და კიდევ ერთი წმინდანი რომელიც დაზიანებულია და არ იკითხება. ჩრდილოეთის თაღის დასავლეთი სვეტის მოხატულობა ოთხ იარუსადაა დაყოფილი. 1. ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში, მწიგნობრები და ფარისეველნი. 2. ქრისტე აღადგენს განრღვეულს. 3. სიმბოლური სცენა, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს -”ფხიზელი თვალი”-ქრისტეს თავთან უზის მარიამი, ფერხთით მთავარანგელოზი, მოშორებით ისაია გრაგნილით ხელში, მასზე წარწერაა ’მიიძინა ვითარცა ლომმან”, ქვემოთ IV რეგისტრში, მოცემულია ჯვართამაღლების სცენა, რომაელ ქრისტიან იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის ელენეს გამოსახულებით. ეს ფრესკაც განახლებულია XIX ს-ის ბოლოს მხატვარ იოსებ პიჩის მიერ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ სვეტის აღმოსავლეთ წახნაგზე მარიამ დედოფალი და მისი ძე ოტიაა წარმოდგენილი, მათ ზემოთ კი ღვთისმშობელი ყრმით.
ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტის სამხრეთით წახნაგებზე გამოსახულნია ”ძველთა დღეთა” - მოხუცი ყრმით, ხოლო კუთხეებში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებანი. მის ზემოთ მოციქულთა ჯგუფია პეტრეს და პავლეს წინამძღოლობით, რომლეთაც ეკლესია უპყრიათ ხელთ.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ მხარეს დგას თაღოვანი ნაგებობა, მასზე არსებული მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან. ცნობილია მხატვრის გვარიც – გრიგოლ გულჯავრიშვილი.
მხატვრობით შემკულია სამხრეთი კედლის ნაწილიც. მოხატულობა XVII ს-ით თარიღდება, უფრო ზუსტად კი 1687.

2.  სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული. ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი (ახლა მათში კელიებია მოწყობილი);. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.


3.  ანტონ II კათოლიკოსის სასახლე - ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე. 

4.  მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე - სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გადაითხარა 1500 მ2-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში. ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 მ; X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ. მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე - საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მ-ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 მ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. 



5. კარიბჭე - კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: ნ. ჩუბინიშვილი და ვ. ცინცაძე; მთ. კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა:
«ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა».
გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.


ძეგლის დაქვემბდებარება და სტატუსი

სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიას ექვემდებარება. იგი მოქმედია.


ტელ: 551 844 644

ელ–ფოსტა: mindiatsiklauri@yahoo.com

კაი: mindia.tsiklauri

ფეისბუქი: tours in georgia

მისამართი: ქ. თბილისი.სალმის ქ..#14. (კალაუბანი)

ნანახია: 1246 | დაამატა: mindia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასტუმრო საქართველოში
  • თბილისი
  • ბათუმი და ქობულეთი
  • ქუთაისი და იმერეთი
  • სიღნაღი და კახეთი
  • ურეკი
  • ბორჯომი-ბაკურიანი
  • სამეგრელო და სვანეთი
  • ყაზბეგი და ხევსურეთი
  • გონიო და კვარიათი
  • თუშეთი
ტურები და ექსკურსიები
საექსკურსიო ობიექტები
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 128
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2016 | Make a free website with uCoz